ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ხუთი ირანელი პატიმარი გაათავისუფლოს. სახელმწიფო დეპარტამენტმა „ამერიკის ხმას“ ეს ინფორმაცია წერილობით დაუდასტურა. მანამდე სხვადასხვა გამოცემა წერდა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კონგრესს მოსალოდნელი ნაბიჯის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„როგორც უკვე ვთქვით, აშშ დათანხმდა სამხრეთ კორეიდან თანხების გადარიცხვას კატარის ფინანსურ ინსტიტუტებში შეზღუდულ ანგარიშებზე და აშშ-ში ამჟამად დაკავებული ირანის ხუთი მოქალაქის გათავისუფლებას, რათა ხელი შეუწყოს აშშ-ის ხუთი მოქალაქის გათავისუფლებას, რომლებიც დაკავებულები არიან ირანში“,- წერია განცხადებაში, რომელიც „ამერიკის ხმამ“ სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიიღო.
ასევე ნახეთ: ირანი მზადაა ბირთუვული საკითხები დიპლომატიური გზით გადაიჭრას„ამერიკის ხმისთვის“ ცნობილი ხდება იმ პირთა ვინაობა, რომლებსაც ვაშინგტონი გაათავისუფლებს. ინფორმაციას გაეროში ირანის მისია ადასტურებს. სავარაუდოდ ამერიკულ ციხეებს დატოვებენ: კავეჰ ლოტფოლა აფრასიაბი, მაჰრდად ანსარი, ამინ ჰასანზადე, რეზა სარჰანპურ კაფრანი და კამბიზ ატარ კაშანი. ამ დრომდე სახელმწიფო დეპარტამენტი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ კონკრეტულად ეს ხუთი ადამიანი გათავისუფლდება ამერიკული ციხიდან. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი ფედერალური ბრალდებით არის დაკავებული, მათ შორის ამერიკული სანქციების გვერდის ავლისა და თეირანისთვის სხვა სახის უკანონო დახმარების მიწოდებაში.
ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად როდის და რა ფორმით მოხდება პატიმრების გაცვლა ამერიკასა და ირანს შორის. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ ვაშინგტონი აგრძელებს მუშაობას ამერიკის ხუთი მოქალაქის გასათავისუფლებლად.
ირანმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება 10 აგვისტოს მიიღეს, ცნობილია, რომ ვაშინგტონის მსგავსად ხუთ პატიმარს გაათავისუფლებს თეირანი.