უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა. საკუთარ გამოსვლაში, მან ორგანიზაციას რეფორმისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მისი არსებობა მნიშვნელობას დაკარგავს.
საუბარი უკრაინის პრეზიდენტმა, კიევის შემოგარენში ომის დანაშაულებზე საუბრით დაიწყო.
„ბუჩაში არ დარჩენილა არცერთი დანაშაული, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ“, - თქვა ზელენსკიმ. „ოჯახებს კლავდნენ, უფროსებს და ბავშვებს, ცდილობდნენ ადამიანების დაწვას. ზოგს ქუჩაში ესროლეს, ზოგი საკუთარ სახლებში მოკლეს, ტანკებით გადაუარეს, მანქანაში ყოფნისას, ქალებს ბავშვების თვალწინ აუპატიურებდნენ და კლავდნენ. მსოფლიომ ნახა, რაც მოხდა ბუჩაში, მსოფლიო ნახავს რა გააკეთეს მათ ქვეყნის სხვა ქალაქებსა და რეგიონებში“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ: ბაიდენი: პუტინმა სასამართლოს წინაშე უნდა აგოს პასუხი ბუჩაში ჩადენილი ომის დანაშაულებების გამოზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა აგრესიამ მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურა ჩამოანგრია და ეს ახალ საერთაშორისო რეალობას ქმნის. „თუ სიტუაცია გაგრძელდება, ქვეყნები მხოლოდ შეიარაღების ძალას დაეყრდნობიან, რათა უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება. გაერო შეგვიძლია უბრალოდ დავხუროთ. ქალბატონებო და ბატონებო, მზად ხართ გაერო დახუროთ? თუ არა, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ", -უთხრა მან უშიშროების საბჭოს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ორგანიზაციას, რუსეთისთვის უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების ჩამორთმევისკენ მოუწოდა, რაც საშუალებას აძლევს მოსკოვს დაბლოკოს საბჭოს გადაწყვეტილებები. „საჭიროა რეფორმა, რომ ვეტოს უფლება არ იყოს სიკვდილის უფლება“, - თქვა მან.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე სხვა მეზობლების წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი მასზე პასუხგაუცემლობამ განაპირობა.
ასევე ნახეთ: ევროპული ქვეყნები რუს დიპლომატებს აძევებენ„ტირანიას პასუხი რომ მიეღო, ერთხელ მაინც... ალბათ, დღეს უკრაინაში, ჩემ ქვეყანაში არ იქნებოდა ომი, ჩვენი ხალხის, უკრაინელი ხალხის, ადამიანების წინააღმდეგ“, - თქვა ზელენსკიმ. „მსოფლიო უყურებდა და არ უნდოდა დაენახა ყირიმის ოკუპაცია, ომი საქართველოს წინააღმდეგ, ან მოლდოვისგან მთელი დნესტრისპირეთის წაღება და როგორ ამზადებდა ნიადაგს სხვა კონფლიქტებისთვის და ომებისთვის რუსეთი“, - დაამატა მან.
ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს კიევში კონფერენციის ჩატარება შესთავაზა, სადაც ორგანიზაციის გარდაქმნაზე იქნება საუბარი. მან საბჭოს სთხოვა გადადგას ნაბიჯები უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად.
ასევე ნახეთ: სატელიტური ფოტოები და ომის დანაშაული„გაქვთ ორი გზა ან რუსეთი გარიცხეთ, როგორც ომისა და აგრესიის წყარო, რათა რუსეთს არ შეეძლოს დაბლოკოს საკუთარ აგრესიასთან, საკუთარ ომთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები... ან მეორე გამოსავალი, საკუთარი თავის განადგურებაა. თუ საუბრის გარდა არაფრის უნარი არ გაქვს, მაშინ მესამე გზა არ არის. უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ევროპას სჭირდება მშვიდობა, მთელ მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა“, - უთხრა მან გაეროს უშიშროების საბჭოს, გამოსვლის დასასრულს.
უკრაინის პრეზიდენტმა, დამსწრეებს აჩვენა ვიდეო, სადაც კიევის შემოგარენში, მათ შორის ბუჩაში, ირპინსა და მარიუპოლში სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისასტიკისა და ხოცვა-ჟლეტის კადრებია ასახული.