გაეროს მიგრაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიამ ადამიანებზე გავლენა მთელ მსოფლიოში იქონია, მათ შორის მიგრანტებზე, რომელთაგან ბევრი ავად გახდა, სამსახური დაკარგა ან მასპინძელ ქვეყანაში ჩარჩა.
ასევე ნახეთ: უმუშევრად დარჩენილი მიგრანტები შინ ბრუნდებიან - შესაძლო "კრიზისი კრიზისში"
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ანტონიო ვიტორინომ, მიგრანტთა საერთაშორისო დღის წინ “ამერიკის ხმას” უთხრა: “როგორც ყველა კრიზისის დროს ხდება, სამსახურს პირველ რიგში მიგრანტები კარგავენ. მაგალითად, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, წელს მიგრანტები თავის მშობლიურ ქვეყნებში 20 პროცენტით ნაკლებ თანხას გაგზავნიან, რაც ამ ქვეყნებში არსებულ ცხოვრების პირობებს საშინელ დარტყმას მიაყენებს.”
სააგენტოს შეფასებით, მსოფლიოში 272 მილიონი მიგრანტია. მისივე მონაცემებით, ყველაზე მეტი მიგრანტი - 17.5 მილიონი - ინდოეთიდანაა, მას მოჰყვება მექსიკა 11.8 მილიონით და ჩინეთი 10.7 მილიონით. მიგრანტების მთავარი დანიშნულების ადგილი შეერთებული შტატებია, სადაც 50 მილიონზე მეტი მიგრანტი ცხოვრობს.
ვიტორინო ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც ზოგიერთმა ქვეყანამ “კოვიდ-19” პირველი ვაქცინების დაშვება დაიწყო, მიგრანტთა თემი აცრებიდან არ უნდა გამოირიცხოს.
“მთავრობების პასუხისმგებლობაა იმის გარანტირება, რომ მათ ტერიტორიაზე მყოფ ყველა ადამიანს, მოქალაქეს და არა-მოქალაქეს, მიგრანტებს მათი სტატუსის მიუხედავად, ვაქცინაზე წვდომა ჰქონდეთ” - თქვა ვიტორინომ, “რადგან პრაქტიკული მოსაზრებით, პანდემიამ აჩვენა, რომ უსაფრთხოდ ვერავინ იქნება, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება.”