ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავის ცენტრისტულ პარტიას მოუწოდებს, რომ იმიგრანტებს შორის არსებულ განსხვავებებს გაუსვას ხაზი, რადგან არსებობენ თავშესაფრის ის მაძიებლები, რომლებიც ომს გაურბიან და "იმსახურებენ" დაცვას და მეორეს მხრივ, არსებობენ ეკონომიკური მიგრანტები, რომლებიც საფრანგეთში სხვა მიზნებით ჩადიან. მისი თქმით, თუ ამ ორი ჯგუფის ერთმანეთისგან გამიჯნვა არ მოხდა, ამომრჩევლები ულტრა მემარჯვენე პარტიებისკენ გადაიხრებიან.

მისი ეს გაფრთხილება იმ ცნობების გავრცელებას მოჰყვა, რომელთა თანახმადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას მალე შესაძლოა მიგრანტთა ახალი ტალღა მოაწყდეს. გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში იმ ადამიანების განსაკუთებული ზრდა დაფიქსირდა, რომლებიც თურქეთიდან საბერძნეთისკენ მიემართებიან. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ეს ევროპულ პოლიტიკას ახალ გამოწვევებს უქმნის, რამაც შესაძლოა ულტრა-მემარჯვენეთა სასიკეთოდ იმუშაოს. მათი უმეტესობა, სავარაუდოდ, ეგეოსის ზღვის ბერძნულ კუნძულებზე ლესბოსსა და სამოსზე მდებარე ისედაც გადატვირთულ ბანაკებში აღმოჩნდებიან.

კანონმდებლებთან შეხვედრისას, მან საკუთარი პარტიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ "საკითხავი ისაა, გვინდა თუ არა ვიყოთ ბურჟუაზიული პარტია? ბურჟუაზიას არ აქვს პრობლემა იმიგრაციასთან. ისინი ამას არასდროს უპირისპირდებიან. ამას მშრომელთა კლასი უმკლავდება. დანარჩენებს ათწლეულების განმავლობაში არ სურდათ ამ პრობლემისთვის თვალი გაესწორებინათ. მშრომელთა კლასი კი ამის გამო უკიდურესად მემარჯვენე მხარისკენ გადაიხარა."

საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საფრანგეთს თავშესაფრის მეტი მთხოვნელი იმის გამოც შესაძლოა მიაწყდეს, რომ მეზობელმა გერმანიამ ლტოლვილთა მიღებისა და დასახლების პოლიტიკა გაამკაცრა. მეოთხედ მილიონზე მეტმა ადამიანმა გასულ წელს საფრანგეთში ცხოვრების უფლება მიიღო. ეს 2017 წლის მონაცემებთან შედარებით 4 %-იანი ზრდაა. თავშესაფრის მძებნელთა რიცხვი კი 2018-ში წინა წელთან შედარებით თითქმის 23 %-ით გაიზარდა.

გაზეთ "ლე მონდის" გამოკითხვის თანახმად, 64 % საკუთარ ქვეყანაში თავს "როგორც სახლში" აღარ გრძნობს. გავრცელებული ინფორმაციით, მაკრონი განსაკუთრებით უკმაყოფილოა იმით, რომ თავშესაფრის მთხოვნელების რიცხვი გაიზარდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა საქართველო და ალბანეთი. ამ ქვეყნებიდან ლტოლვილის სტატუსის მსურველები ძირითადად ეკონომიკური მიგრანტები არიან.

საფრანგეთის მთავრობა სხვადასხვა ზომის მიღებას იწყება იმისთვის, რომ თავშესაფრის მთხოვნელები შეაკავოს. ამ ზომებს შორისაა ლტოლვილთა მიერ განაცხადის გაკეთებიდან საქმის გადაწყვეტამდე პერიოდში მათთვის გამოყოფილი დახმარების 25 %-ით შემცირება და სხვა.

მემარცხენეები მაკრონს აკრიტიკებენ, ამბობენ, რომ ის უკიდურესად მემარჯვენე პოზიციებზე გადადის იმიგრაციასთან დაკავშირებით.

მარი ლე-პენი კი ამბობს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მაკრონის მხრიდან იმის აღიარება, რომ ძალიან ცოტას აკეთებდა, უკვე ძლიერ დაგვიანებულია. მემარჯვენე ოპოზიციონერის თქმით, თუკი ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც ახლა ხდება, მაკრონის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ქვეყანაში შეიძლება ორ მილიონამდე ადამიანი შემოვიდეს ლეგალურად, "რომ არაფერი ვთქვათ უთვალავ არალეგალ იმიგრანტზე", - თქვა მან.

მიგრანტთა დახმარების ჯგუფები ამბობენ, რომ 24 000-მდე ლტოლვილის ცხოვრების პირობები საბერძნეთის კუნძულების ბანაკებში, გაუსაძლისია და მალე შესაძლოა "ჰუმანიტარულ კრიზისად" იქცეს, როგორც საკვების უკმარისობის, ისე ანტისანიტარიისა და თვითდაზიანების თუ სუიციდის რაოდენობით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG