პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ, ემანუელ მაკრონმა თქვეს, რომ დიდი შვიდეულის სამიტის წევრები უმთავრეს საკითხებზე ერთმანეთს ეთანხმებიან. ეს მიუხედავად იმისა, რომ სამიტს ჩრდილად გასდევდა უთანხმოება სავაჭრო საკითხებზე, ირანის ბირთვული პროგრამისა თუ ამაზონის ტყეების თაობაზე.
ორშაბათს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ტრამპმა უდიდეს ერთსულოვნებაზე ისაუბრა. მაკრონმა კი თქვა, რომ ყველა მხარემ მოახერხა გადაკვეთის წერტილების მონახვა.
რაც შეეხება ირანს, მაკრონის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ტრამპსა და მის ირანელ კოლეგას, ჰასან რუჰანის შორის შეხვედრა ახლო მომავალში მოხერხდება.
"სწორ გარემოებებში ამ შეხვედრას აუცილებლად დავთანხმდებოდი", - განაცხადა ტრამპმა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ირანს ბირთვული იარაღი ან ბალისტიკური რაკეტები არ უნდა ჰქონდეს.
მაკრონმა კი 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმებისადმი თავისი ერთგულება კიდევ ერთხელ აღნიშნა მიუხედავად იმისა, რომ აქვე, პრეზიდენტმა ტრამპმა ის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მას "ცუდი შეთანხმება" უწოდა.
დიდი შვიდეულის სამიტის მიმდინარეობისას ქვეყნების ლიდერებმა ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომის შესახებაც გამოთქვეს შეშფოთება. ტრამპმა კი თქვა, რომ მან ჩინეთისგან დადებითი გზავნილები მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაცის გაკეთება შესაძლებელია.
რაც შეეხება რუსეთს, დონალდ ტრამპის მოწოდებას, რომ დიდი შვიდეულის სამიტი რუსეთის მონაწილეობით უნდა გაიმართოს, სხვა ლიდერები არ ეთანხმებიან. 2014 წელს "დიდი რვიანის" ქვეყნები კვლავ "დიდ შვიდეულად იქცა", რადგან რუსეთს წევრობა ყირიმის ანექსიისა და უკრიანაში განხორციელებული აგრესიის გამო შეუწყვიტეს. ტრამპი კი ამბობს, რომ რუსეთი დიდი შვიდეულისთვის გამოსადეგი წევრი იქნება. ყირიმის ანექსიის გამო კი მან კვლავ თავისი წინამორბედი, ბარაკ ობამა გააკრიტიკა.
მომავალ წელს დიდი შვიდეულის სამიტს ამერიკამ უნდა უმასპინძლოს, თუმცა კონკრეტული ტერიტორიის შესახებ გადაწყვეიტლება ჯერ მიღებული არ არის. ტრამპმა თქვა, რომ ქვეყნების ლიდერებს სიხარულით უმასპონძლებს საკუთარ გოლფის კურორტზე. მისი თქმით, ზეთისხილის ხეებით დაფარული კურორტი არაჩვეულებრივი ადგილი იქნება საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ბრიტანეთის, იაპონიისა და კანადის ლიდერების შესაკრებად. მისი თქმითვე, ლიდერებს "მოსწონთ სასტუმროს განლაგება. მოსწონთ, რომ ის აეროპორტის სიახლოვესაა, და მაიამი, დორალი, მაიამი. ეს არაჩვეულებრივი ადგილია", - თქვა მან.
ტრამპის განმარტებითვე, ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები 12 შესაძლო ლოკაციას განიხილავენ, მაგრამ დორალი მათ შორის საუკეთესოა.
დიდი შვიდეულის ლიდერები ცდილობენ სამიტისთვის ხშირად შორეული ქალაქები ან დასახლებები აარჩიონ, ამით ზოგჯერ ისინი ადგილობრივი, ხელუხლებელი ბუნების პოპულარიზაციასაც ცდილობენ. ბოლო სამი სამიტი, რომელსაც ტრამპი ესწრებოდა, სწორედ ასეთ ადგილებში გაიმართა იტალიაში, კანადასა და საფრანგეთში. თუმცა ტრამპმა წელს თქვა, რომ ასეთი ადგილები ხშირად ძალიან შორია, მანქანით ბევრი სიარულია საჭირო და ზოგჯერ ვერტმფრენების გამოყენებაც კი. ასე რომ დორალი საუკეთესო ადგილი იქნებოდა, სადაც აეროპორტში დაშვებიდან რამდენიმე წუთში შეიძლება მოხვდე.
Facebook Forum