ორშაბათს, საფრანგეთში, დიდი შვიდეულის შეხვედრაზე, მსოფლიოს ლიდერებმა სამხრეთ ამერიკის, ამაზონის ქვეყნებში მძვინვარე ტყის ხანძრებთან საბრძოლველად, 22 მილიონი დოლარის დაუყოვნებლივ გამოყოფის ვალდებულება იკისრეს.
შეხვედრის მასპინძელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და შეხვედრის სტუმარმა, ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინერამ თქვეს, რომ ამჟამად ცეცხლმოდებული ამაზონის ტყეები პლანეტის „ფილტვებია“, რადგან ნახშირორჟანგის შთანთქმაში და ჟანგბადის გამოყოფაში დიდი როლი აკისრია.
მაკრონმა თქვა, რომ შემდეგ რამდენიმე საათში ფრანგი სამხედროები რეგიონში ხანძრის ჩაქრობის ძალისხმევაში მხარდაჭერას დაიწყებენ.
მაკრონმა და პინერამ თქვეს, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები: შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, კანადა და საფრანგეთი სწავლობდნენ მსგავსი დახმარების შესაძლებლობას, რომელიც აფრიკაში ტყის ხანძრების მიმართ შეიძლება განხორციელდეს.
მაკრონმა გამოთქვა მუქარა, რომ დაბლოკავს ლათინურ ამერიკასთან ევროკავშირის ახალ სავაჭრო შეთანხმებას, თუ ბრაზილიის პრეზიდენტი ბოლსონარო, რომელიც კლიმატის ცვლილების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, ამაზონის ტყეებში ხანძართან საბრძოლველად სერიოზულ ნაბიჯებს არ გადადგამს.
საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის გამო, რომელიც გარემოს დაცვას მოითხოვს, ბოლსონარომ კვირას, ხანძრების ჩასახშობად ორი „სი-130 ჰერკულესი“ გაგზავნა.
Facebook Forum