მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ამ უქმეებზე დიდი შვიდეულის სამიტზე იკრიბებიან. სამიტი საფრანგეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე, საკურორტო ქალაქ ბიარიცში გაიმართება.
დიდი შვიდეულის წარმომადგენლები ძირითადად ეკონომიკურ საკითხებზე იმსჯელებენ. საუბარი ასევე შეეხება შეერთებულ შტატებთან მიმდინარე უთანხმოებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე და გლობალურად, კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ დიდი შვიდეულის სამიტი კომუნიკეს გარეშე დასრულდება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სამიტი კომუნიკეს გარეშე დაამთავრებს მუშაობას.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს ისევ სცადა რუსეთი სამიტზე დაებრუნებინა, თუმცა უშედეგოდ. "ჩვენ დიდი დრო დავუთმეთ ამ შეხვედრაზე რუსეთზე საუბარს. და ისინი იქ არ იყვნენ. კარგი იქნებოდა, რუსეთი იქ რომ ყოფილიყო, რათა ჩვენ პირისპირ გვესაუბრა" - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა. მან ისევ გაიმეორა საკუთარი მოსაზრება რუსეთის სამიტიდან გაძევებასთან დაკავშირებით, თითქოს ეს იმიტომ მოხდა, რომ "პრეზიდენტმა პუტინმა ჭკუაში აჯობა პრეზიდენტ ობამას".
2014 წელს რუსეთი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სამიტიდან, უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის და ყირიმის ანექსიის გამო გააძევეს. მოსკოვი აგრძელებს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ოკუპაციას. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოთხშაბათსვე განაცხადა, რომ რუსეთის დაშვება უკრაინის კრიზისის გადაჭრის გარეშე, ჯგუფის "სისუსტე" და "სტრატეგიული ხარვეზი" იქნებოდა.
მოსკოვი დიდი შვიდეულის მაგიდასთან დაბრუნების სურვილს ოფიციალურად არ ამჟღავნებს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ფრანგ კოლეგას, პრეზიდენტ მაკრონს ორშაბათს შეხვდა. "როგორ შეიძლება დავბრუნდე უკან ორგანიზაციაში, რომელიც აღარ არსებობს"? - თქვა პუტინმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, დიდი შვიდეულის სამიტთან დაკავშირებით.
Facebook Forum