ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მესამე შეხვედრის შესაძლებლობას არ გამორიცხავს


ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შესაძლოა მესამედაც შეხვდეს იმისთვის, რომ სრული ბირთვული განიარაღების შესახებ შეთანხმების მიღწევა კიდევ ერთხელ სცადოს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.

„მესამე სამიტი შესაძლოა შედგეს. ნაბიჯ-ნაბიჯ, ეს სწრაფად არ მოხდება“, - თქვა მან.

ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, დათანხმდება თუ არა პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სრული განიარაღების ნაცვლად სხვა შემოთავაზებებს, ტრამპი ამბობს: „უფრო პატარა შეთანხმებები შესაძლოა შედგეს. მაგრამ ახლა ჩვენ ვსაუბრობთ დიდ შეთანხმებაზე, რომელიც გულისხმობს, რომ ბირთვულ იარაღზე სრულად უნდა ითქვას უარი“.

კიდევ ერთ შეკითხვაზე პასუხად, ტრამპმა აღნიშნა, რომ მან ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა სურს, რომ არსებული სანქციები დარჩეს მოქმედი.

თებერვალში პრეზიდენტი ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ უნს მეორედ შეხვდა. ამ შეხვედრაზე ანალიტიკოსები სრული განიარაღების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას ელოდნენ, თუმცა პრეზიდენტმა ჰანოი შეთანხმების გარეშე დატოვა და თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა არ იყო მზად, ამერიკის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა და სრულად და შემოწმების შესაძლებლობით გაენადგურებინა ბირთვული არსენალი.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას აქტიურად ცდილობს და მოლაპარაკებებშიც შუამავლის როლს თამაშობს, ამბობს, რომ პროცესი „წინ მიიწევს“. მისივე თქმით, გასული წლის ივნისში ტრამპისა და კიმის შეხვედრის შემდეგ კორეის ნახევარკუნძულზე არსებული დაძაბულობა მნიშვნელოვნად შემცირდა და არის მესამე შეხვედრის საჭიროება.

"ახლა მშვიდობამ გაიმარჯვა", - თქვა მუნმა კორეულ ენაზე. "ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ შეძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას და ეს დრამატული გარდატეხა იქნება მხოლოდ თქვენი ძლიერი ლიდერობის დამსახურება".

ტრამპმა არ უპასუხა შეკითხვას იმის თაობაზე, აქვს თუ არა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კომუნიკაცია კიმ ჩენ უნთან. ტაფტის უნივერსიტეტის პროფესორი სანგ-იონ ლი ამბობს, რომ ამერიკისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტების შეხედულებები ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ჯერაც ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად იმის შესახებ, თუ როგორია კიმის განზრახვები, სამხრეთ კორეის სურვილი, რომ ჩრდილოეთის მიმართ სანქციები შემსუბუქდეს, ამერიკული ჯარების სამხრეთ კორეაში ყოფნის საფასურის გაზიარება, ჩინეთის როლთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მიუხედავად თავაზიანი ჟესტებისა და დიპლომატიური ენისა, ორ ქვეყანას შორის კვლავ რჩება საკითხები, რომლებზეც ისინი ბოლომდე ვერ თანხმდებიან და სამხრეთ კორეის პოზიციები შესაძლოა კიდევ უფრო მტკიცე გახდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG