სამიტის პირველი დღე
ამერიკის შეერთებული შტატების და ჩრდილოეთ კორეის დროშების ფონზე, დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ უნმა კიდევ ერთხელ ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს. ვიეტნამში გამართული მეორე სამიტის პირველი დღის ბოლოს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის უკან არ იხევს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების დაპირებიდან. ჟურნალისტის კითხვაზე: გამოაცხადებენ თუ არა ისინი კორეის ომის დასასრულს, რომელმაც 1953 წლიდან აქტიურ შეიარაღებას ჩაუყარა საფუძველი, ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ“.
ლიდერები ფორმალურ სადილამდე, მცირე ხნით ჰანოის მეტროპოლის სასტუმროს შეხვედრების დარბაზში განმარტოვდნენ. მათ თან მხოლოდ თარჯიმნები ახლდათ. ჟურნალისტებმა ყური მოკრეს დისკუსიის იმ ნაწილს, როცა კიმ ჩენ უნმა ტრამპი ორმხრივი დიალოგის დაწყების თაობაზე მიღებული „მამაცი გადაწყვეტილებისთვის“ შეაქო. ის სავარაუდოდ, სინგაპურში გამართულ პირველ სამიტს გულისხმობდა.
„ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ და ვფიქრობ, ყველაზე დიდი პროგრესი ჩვენი ურთიერთობებია, რაც მართლაც კარგია“ - უთხრა ჟურნალისტებს ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა და იმედი გამოთქვა, რომ ეს შეხვედრაც ისეთივე მნიშვნელოვანი, ან კიდევ უფრო კარგი იქნება.
ეკონომიკური პოტენციალი
პრეზიდენტმა ტრამპმა ვიეტნამელთა გულითად მასპინძლობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეას წარმოუდგენლად დიდი, უსაზღვრო ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია. „მოუთმენლად ველოდები თვალყური ვადევნო ამ ფაქტს და დავეხმარო განხორციელებაში“ - აღნიშნა ტრამპმა.
შეერთებული შტატების ოფიციალურ პირთაგან, სადილზე პრეზიდენტს თან ახლდნენ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მიკ მალვეინი. მრგვალ მაგიდას ჩრდილოეთ კორეის მხრიდან კიმ ჩენ უნთან ერთად, უსხდნენ კიმ იონგ ჩოლი, მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი რი იანგ ჰო. „საინტერესო დიალოგი გვექნება“ - თქვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.
„ჩვენი ურთიერთობა ძალიან განსაკუთრებულია“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა ოფიციალური სადილის დაწყებამდე. ცოტა ხნის შემდეგ კი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ კიმ ჩენ უნთან „დიდებული შეხვედრები და სადილი“ ჰქონდა.
ხუთშაბათის შეხვედრები
ხვალ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის უფრო ინტენსიური დისკუსია იგეგმება. ტრამპმა მიანიშნა, რომ ხუთშაბათს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან ერთად, პრესკონფერენციას მოაწყობს და მოლაპარაკების შედეგებზე უფრო დაწვრილებით ისაუბრებს.
თეთრი სახლის კორესპონდენტებს ვიეტნამში ჩვეულებრივზე მეტი შეზღუდვა აქვთ დაწესებული, სავარაუდოდ, ფხენიანის რეგულაციების გამო. სამიტამდე ერთი დღით ადრე, ჰანოიში აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი იმ სასტუმროს პრესცენტრიდან გაძევებულები არიან, სადაც კიმ ჩენ უნია გაჩერებული.
მედიის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ ვიეტნამის მთავრობის მიერ მოწყობილ საერთაშორისო მედიის ცენტრში გადასულიყვნენ, სადაც 3 ათასზე მეტი ჟურნალისტი იყრის თავს. სადილის წინ, გადაღებაზე მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტი და ტელეარხ „სი-ბი-ესის“ ჯგუფი დაუშვეს.
მოლოდინი
მეორე სამიტისადმი შეერთებულ შტატებში დიდი მოლოდინია. ვაშინგტონი ამ შეხვედრას, ისევე როგორც პირველს, ისტორიულს უწოდებს. პრეზიდენტ ტრამპზე ერთგვარი ზეწოლაა, რომ როგორმე უფრო მეტ შედეგს მიაღწიოს, ვიდრე სინგაპურის შეხვედრის შემდეგ კიმ ჩენ უნისგან მიღებული გაურკვეველი დაპირება - სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, ბირთვული იარაღის განვითარება შეეჩერებინა.
ამერიკული დაზვერვა სკეპტიკურად უყურებს ჩრდილოეთ კორეის დაპირებებს ბირთვული განიარაღების შესახებ. არაერთი საერთაშორისო დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული აქტივობა ისევ შეინიშნება. თუმცა, ტრამპი აცხადებს, რომ მოლაპარაკების შემდეგ ფხენიანს ბალისტიკური რაკეტები აღარ გამოუცდია, რაც ასევე სერიოზული მიღწევაა.
წინა თვეში დენ ქოუთსმა, დაზვერვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორმა ჯინა ჰასპელმა კონგრესში თქვეს, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე სარაკეტო გამოცდების შეწყვეტის და ამერიკასთან მოლაპარაკების გაგრძელების სურვილის მიუხედავად, ფხენიანი ბირთვული ამბიციების დათმობისთვის მზად არ არის. მათი აზრით, ქვეყნის ლიდერი „ბირთვულ იარაღს რეჟიმის გადარჩენისთვის კრიტიკულად“ თვლის. ჩრდილოეთ კორეის „რეჟიმი ერთგულია გრძელი რადიუსის ბირთვული რაკეტის შექმნის პროცესის, რაც შეერთებული შტატებისთვის პირდაპირი საფრთხის შემცველია“ - აცხადებს ჯინა ჰასპელი.
Facebook Forum