გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შეკრებილ საერთაშორისო საზოგადოებას კრემლისთვის მკაფიო გზავნილი ჰქონდა. ოთხშაბათს, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, დიდი უმრავლესობით დაამტკიცეს რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩატარებულ რეფერენდუმს და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ანექსიას.
ეს გაეროში, რუსეთის მიერ უკრაინაში 24 თებერვალს განმეორებით შეჭრის შემდეგ, უკრაინის ყველაზე ფართო მხარდაჭერა იყო. ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას ხმა 143-მა წევრმა სახელმწიფომ მისცა. წინააღმდეგ 5 წავიდა: რუსეთი, ბელარუსი, სირია, ნიკარაგუა და ჩრდილოეთ კორეა. 35-მა თავი შეიკავა, თუმცა მათი ხმები რეზოლუციის დამკიცებისას, რასაც ხმის მიმცემთა 2/3 ესაჭიროება, არ ითვლება.
ასევე ნახეთ: უკრაინა მოკავშირეებისგან საჰაერო თავდაცვას მიიღებსკენჭისყრამ მართლაც დაადასტურა, რომ მსოფლიო საზოგადოების უმეტესი ნაწილი რუსეთის მიმართ ერთ პოზიციაზე დგას. 6 თვის წინ, 2 მარტს გამართულ ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას, რომელიც რუსეთის ქმედებას გმობდა, 141 მხარდამჭერი ჰყავდა. 2014 წელს, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ყირიმის და სევასტოპოლის ანექსიის დროს გატანილ რეზოლუციას კი - 100. მაშინ რეზოლუციას მხარი 11-მა სახელმწიფომ არ დაუჭირა. 58-მა კი თავი შეიკავა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა მხარდამჭერ სახელმწიფოებს და გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას "ისტორიული" უწოდა. უკრაინის ელჩმა გაეროში სერგი კისლიცამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ეს "გასაოცარი" შედეგი იყო. მისი თქმით, "ქვეყნებმა სწორი არჩევანი გააკეთეს - დაეცვათ გაეროს ქარტია და მიჰყოლოდნენ მას".
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კენჭისყრას ხოტბა შეასხა და თქვა რომ "მსოფლიოს დიდი უმრავლესობა... ხმას აძლევს და იცავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიას და გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ძალისმიერი მეთოდებით ანექსირების მცდელობას... ეს იყო მსოფლიოს მიერ იმის დემონსტრირება, რომ ის, დარღვევების გამო, რუსეთის პასუხისმგებლობის დაყენების საქმეში, გაცილებით ერთიანი და გაცილებით მიზანდასახულია, ვიდრე როდესმე".
იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში რუსეთმა ომი თითქმის 8 თვის წინ დაიწყო, კიევის მხარდაჭერა არ იკლებს. რუსეთის უკანონო ქმედებების გამო მსოფლიოში გამწვავდა საკვების, ენერგიის დეფიციტი; გაიზარდა ინფლაცია; გაძვირდა ენერგორესურსები და სურსათი; შენელდა ეკონომიკური ზრდა.