კიევის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინამ ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე დონეცკის რაიონში, რუსეთის საოკუპაციო ძალების ათეულობით იერიში მოიგერია. რუსეთის ჯარები უკრაინის სამიზნე ქალაქებს საჰაერო და საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით უტევენ.
"ცოცხალი ძალის და შეიარაღების ურიცხვი რაოდენობით დაკარგვის მიუხედავად... მტერი ფოკუსირებულია შემტევ ოპერაციებზე ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკის და მარიინკის შემოგარენში" - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს, 11 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მათ ბოლო ერთი დღეღამის მანძილზე 52 იერიშის მოგერიება შეძლეს.
კიევის ცნობით, მოსკოვმა უკრაინის ტერიტორიაზე 39 საავიაციო და 7 სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ამას გარდა, გამოიყენა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, რითაც ბოლო 24 საათში 47-ჯერ იქნა დაბომბილი როგორც უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციები, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ასევე ნახეთ: "გადამწვარი მიწის" ტაქტიკა - რუსეთი ბახმუტზე იერიშს აძლიერებსრუსეთის შეიარაღებული ძალები უკვე თვეებია ბახმუტის აღებას ცდილობს. ბახმუტის კონტროლისთვის გამართული შეტაკებები ყველაზე სისხლიანი გამოდგა მას შემდეგ, რაც რუსეთი გასული წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა და მეზობელ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მცირე ზომის ქალაქ ბახმუტთან მხარეებმა დიდძალი დანაკარგები განიცადეს. ქალაქი თითქმის მიწასთანაა გასწორებული. "სრულიად დანგრეულია" ავდიივკაც, ამბობს პავლო კირილენკო, დონეცკის გუბერნატორი.
ოლექსანდრ სირსკი, უკრაინის ქვეითი ძალების მეთაურის შეფასებით, ბახმუტში სიტუაცია "რთულია, მაგრამ კონტროლირებადი". სირსკიმ რუსეთს ბრალი დასდო იმაში, რომ ბახმუტში მოსკოვი "გადამწვარი მიწის ტაქტიკას" მიმართავს, რომელსაც კრემლი სირიის სამოქალაქო ომში, მთავრობის მხარდასაჭერად იყენებდა.
"ის ანგრევს შენობებს და პოზიციებს საჰაერო იერიშებით და საარტილერიო ცეცხლით" - აღნიშნავს სირსკი. მისი თქმით, რუსეთი ბახმუტთან საგანგებო ძალებს და "ვაგნერის ჯგუფის" სახელით ცნობილ დაქირავებულ მებრძოლებს იყენებს.
კრემლი აცხადებს, რომ ის ბახმუტის უმეტეს ნაწილს აკონტროლებს. დონეცკის რაიონში მოსკოვის მიერ კონტროლირებული ნაწილის მმართველი დენის პუშილინი ამბობს, რომ რუსეთის ძალებს ბახმუტის 75% უკავიათ. თუმცა, ის იქვე დასძენს, რომ ჯერ ბახმუტის სრულ კონტროლზე საუბარი ნაადრევია.
ბახმუტს ორივე მხარისთვის უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს, ვიდრე ტაქტიკური დანიშნულება, ამბობენ დამკვირვებლები. რუსეთს ბოლო თვეების უკანდახევის შემდეგ, სურს ერთი ქალაქი მაინც დაიკავოს და გამარჯვება იზეიმოს. ამას გარდა, ბახმუტის აღება მოსკოვს გზას გაუხსნის დონეცკის რაიონში მდებარე უკრაინის დიდი ქალაქებისკენ, როგორიცაა კრამატორსკი და სლოვიანსკი. ეს კრემლს ქალაქ ჩასივ-იარში უკრაინელთა თავდაცვის პირდაპირ სამიზნეში ამოღების საშუალებასაც აძლევს. უკრაინისთვის კი ბახმუტი გამძლეობის და სიმტკიცის სიმბოლოდაა ქცეული.
Your browser doesn’t support HTML5