კიევი: გვაქვს აუდიო-ჩანაწერი, სადაც რუსი ჯარისკაცები ჰესის აფეთქებას განიხილავენ

უკრაინელი მოხალისეები მთავრობას წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის ევაკუაციაში ეხმარებიან. ხერსონის რაიონი, უკრაინა. 8 ივნისი, 2023 წ.

უკრაინის შიდა უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ მათ აქვთ სატელეფონო საუბრის ჩანაწეერი, რომლის თანახმადაც, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე აფეთქება რუსულმა "საბოტაჟის ჯგუფმა" მოაწყო. სამშაბათს, კაშხლის დაზიანების შემდეგ, ჰესზე წყლის რეზერვუარიდან წყალმა ამოხეთქა და ათასობით ადამიანს საფრთხე შეუქმნა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა "ტელგრამის" არხზე წუთნახევრიანი აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ორი მამაკაცის ხმა ისმის და ისინი კატასტროფის შედეგებს რუსულად განიხილავენ. ჩანაწერის ავთენტურობა დამოუკიდებელი წყაროებით ვერ დასტურდება. რუსეთი ბრალდებას უარყოფს, მაგრამ ამ კონკრეტულ ჩანაწერზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე ნახეთ: ევროკავშირი: კაშხლის აფეთქება რუსეთის ბარბაროსული აგრესიის ბუნებას აჩენს

"მათ (უკრაინელებს) არ დაურტყამთ. ეს ჩვენი საბოტაჟის ჯგუფი იყო. მათ უნდოდათ ამ კაშხლით ხალხის შეშინება", - ამბობს მამაკაცი აუდიო ჩანაწერში. უსაფრთხოების სამსახური მას რუს ჯარისკაცად მიიჩნევს. "ეს გეგმის მიხედვით არ წარიმართა, მათ იმაზე მეტი გააკეთეს, ვიდრე დაგეგმილი იყო", - დასძენს მამაკაცი.

იგივე ადამიანი ამბობს, რომ დინების მიმართულებით მდებარე "ველური ბუნების პარკში" ათასობით ცხოველი დაიღუპა. მეორე მამაკაცი კი საუბრისას გაკვირვებას გამოხატავს იმის თაობაზე, რომ ჰესი სწორედ რუსულმა ძალებმა დააზიანეს.

უსაფრთხოების სამსახური ამ ჩანაწერთან დაკავშირებით მეტ დეტალს არ აზუსტეებს, თუმცა ამბობს, რომ გამოძიება ომის დანაშაულებისა და ეკოციდის მიმართულებით გრძელდება. უწყების განმარტებით, ეს ჩანაწერი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კაშხლის ნაგებობის დაზიანება აფეთქებამ გამოიწვია და ამის მიზანი უკრაინის კიდევ ერთხელ დაშანტაჟება იყო.