უკრაინა წელს ჩიხში შესული ომით და დასავლეთის გაჭიანურებული დახმარების მოლოდინით ასრულებს

2023 წელი უკრაინაში დიდი იმედით და მოლოდინით დაიწყო, რომ კიევი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმატებულ კონტრიერიშს განახორციელებდა. თუმცა, წელი ბრძოლის ველზე გაცრუებული იმედებით სრულდება, რომელსაც თან ახლავს შფოთვა დასავლეთის დახმარების და უკრაინის გამათავისუფლებელი ბრძოლების ბედზე.

ამასობაში, რუსეთში ომის მიმართ წინააღმდეგობა ძალზე ხანმოკლე და გაფანტული იყო. ორივე მხარეს სისხლი დიდი რაოდენობით დაიღვარა, მსხვერპლის და დაშავებულთა რაოდენობა ისევ გაიზარდა.

ასევე ნახეთ: უკრაინელები ახალი კალენდრით შობის პირველად აღსანიშნად ემზადებიან

რუსეთის მიერ მეზობელი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის ომის დაწყებიდან 22 თვე გავიდა. მოსკოვს უკრაინის დაახლოებით მეხუთედი ოკუპირებული აქვს. დაახლოებით ათასკილომეტრიანი ფრონტის ხაზის ტრაექტორია კი წელს დიდად არ შეცვლილა.

უკრაინა, რომლის უსაფრთხოებაც ძალზე დიდად არის დამოკიდებული დასავლეთის მხარდაჭერაზე, ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან გაჭიანურებულ დახმარებას მოუთმენლად ელის. მოკავშირეებისგან გამოყოფილი მრავალმილიარდიანი ფინანსური დახმარება კი კვლავ პოლიტიკური მოსაზრებებით ფერხდება.

ომი რუსეთსაც ძალიან ძვირი უჯდება, თუმცა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გათვლა დასავლეთის გადაღლაზე და ამომრჩევლების მოთმინების ამოწურვაზე აქვს. ის იმედოვნებს, რომ დასავლეთის ერთსულოვნება უკრაინის მიმართ თანდათან დაიშლება და ყურადღება სხვა მიმართულებით გადაინაცვლებს, მაგალითად, ისრაელ-"ჰამასის", ან პოტენციურად - ჩინეთ-ტაივანის დაპირისპირებისკენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ ვაშინგტონი ზედმეტ თანხებს ხარჯავს უკრაინაზე. ამას საინფორმაციო სააგენტო "ასოშეიტიდ პრესის" საზოგადოებასთან ურთიერთობის კვლევითი ცენტრის (NORC) მიერ ნოემბერში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებიც მოწმობს.

ანალიტიკოსების აზრით, დასავლეთის სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე დიდ გავლენას ახდენს. თუმცა, ეს ზომები იმდენად დამაზიანებელი არაა, რომ ამან უკრაინაში მიმდინარე ომზე საკმარისი გავლენა იქონიოს.

Your browser doesn’t support HTML5

აშშ - უკრაინის ერთობლივი სამხედრო წარმოება