რუსეთმა პარასკევს განაცხადა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ პოლიტიზირებული ნაბიჯი იყო, რომელსაც შეუძლია ბლოკის დესტაბილიზაციის გამოწვევა. აქვე, კრემლმა უნგრეთი ამ ნაბიჯის წინააღმდეგობის გამო შეაქო.
"ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეიძლება გაგრძელდეს წლების ან ათწლეულების განმავლობაში. ევროკავშირს ყოველთვის ჰქონდა გაწევრიანების მკაცრი კრიტერიუმები და აშკარაა, რომ ამ მომენტში არც უკრაინა და არც მოლდოვა არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს", - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
„აშკარაა, რომ ეს არის აბსოლუტურად პოლიტიზირებული გადაწყვეტილება და ევროკავშირის სურვილი გამოხატოს მხარდაჭერა ამ ქვეყნებისთვის. მაგრამ ასეთ ახალ წევრებს შეუძლიათ ევროკავშირის დესტაბილიზაცია და რადგან ჩვენ ვცხოვრობთ იმავე კონტინენტზე, როგორც ევროკავშირი, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ყურადღებით ვაკვირდებით“.
ხუთშაბათს გამართულ სამიტზე, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინასთან ეკონომიკურ ბლოკში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში ომს აგრძელებს. რუსეთის პრეზიდენტმა 14 დეკემბერს განაცხადა, რომ ომს მანამდე გააგრძელებს, სანამ თავის მიზნებს არ მიაღწევს.
ევროკავშირის სამიტზე სხვა ლიდერებმა გვერდი აუარეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პროტესტს და აიძულეს ის დაეტოვებინა ოთახი, სანამ ისინი ისტორიულ ნაბიჯს დგამდნენ.
ევროკავშირი იმავე შეხვედრაზე დათანხმდა საქართველოსთვის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭბაზე. მანამდე, ევროკომისიამ საქართველოსთვის ამ სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას, სადაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს, პესკოვმა ასევე პოლიტიზირებული გადაწყვეტილება უწოდა.
სამიტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტი ვერ დაამტკიცა უნგრეთის წინააღმდეგობის გამო. პესკოვმა ორბანის ეს ნაბიჯი შეაქო.