დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური რუსებს ბრიტანეთისთვის ჯაშუშობისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სამსახური „MI6“ რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს ითანამშრომლონ ბრიტანულ საიდუმლო სამსახურებთან. „MI6“-ის ხელმძღვანელის, რიჩარდ მურის ეს მიმართვა იმ რუსებს შეეხებათ, რომლებიც უკმაყოფილოები არიან კრემლის პოლიტიკით და უკრაინაში რუსეთის ომს ეწინააღმდეგებიან. დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სამსახური მიიჩნევს, რომ რუსეთში აჯანყების მცდელობამ აჩვენა, რომ კრემლში რთული ვითარებაა.

მურმა რუსეთში არსებული ვითარება 1968 წელს პრაღის გაზაფხულს შეადარა: „როდესაც ისინი მოწმენი არიან თავიანთი ლიდერების თავხედობის, ჩხუბისა და არაკომპეტენტურობის... ბევრი რუსი ებრძვის იმავე დილემას, როგორსაც მათი წინამორბედები 1968 წელს“, - ამბობს მური და პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე რუსებს მოუწოდებს „ემ-აი -6“-თან თანამშრომლობისკენ.

„ჩვენი კარი ყოველთვის ღიააა... მათი საიდუმლო დაცული იქნება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ სისხლისღვრის დასასრულებლად“, - თქვა ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა.

ასევე ნახეთ: USAid უკრაინელი ფერმერებისთვის 250 მილიონ დოლარს გამოყოფს

რიჩარდ მური მედიასთან განცხადებებს იშვიათად აკეთებს, ამჯერად მან დეტალურად ისაუბრა რუსეთში განვითარებულ პროცესებზე და ყურადღება გაამახვილა რამდენიმე კვირის წინ რუსეთში აჯანყების მცდელობაზე. მური ამბობს, რომ განვითარებულმა პროცესებმა ნათლად აჩვენა პუტინის „არასტაბილური ავტოკრატია“.

„თუ გადავხედავთ იმ დღეს პუტინის საქციელს, პრიგოჟინმა საუზმე ღალატით დაიწყო, ვახშამზე ის შეიწყალეს, ორი დღის შემდეგ კი ჩაიზე მიიწვიეს. არის რაღაცები, რისი გააზრება და ინტერპრეტაცია MI6-ის უფროსსაც კი უჭირს“, - ამბობს მური და განმარტავს, რომ არ არის საჭირო ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის მთელი რესურსი იმისთვის, რომ აშკარად დაინახო პუტინის გარშემო არსებული რუსული ელიტის მძიმე მდგომარეობა.

ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი უკრაინელთა კონტრშეტევის მიმართ და მოუწოდა ირანს, შეწყვიტოს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება. მან ეს ქმედება „არაკეთილსინდისიერად“ შეაფასა და თქვა, რომ ეს პროცესი ირანის შიგნით უმაღლეს დონეზე განხეთქილებას წარმოშობს.