ჰელსინკის კომისია ამბობს, რომ მტკიცებულებების მიხედვით, არჩევნები ქართველი ხალხის ნებას არ წარმოაჩენს

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ჰელსინკის კომისია საქართველოში მიმდინარე პროცესების დაკვირვებას განაგრძობს და ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომ ჩატარებული არჩევნები „ქართველი ხალხის ნებას არ წარმოაჩენს“. აქვე კომისია მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას დახმარება აღმოუჩინოს ქართველ ხალხს, რათა დაიცვას თავისი დემოკრატია.

„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას.

ასევე ნახეთ: ბაიდენი: მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა

საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია, რაც ხაზს უსვამს რუსეთის დახვეწილ მცდელობებს არჩევნებში ჩარევისა და საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას.

რამდენადაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება კვეთენ გზას საარჩევნო პროცესისთვის, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას, შეერთებული შტატები და ევროკავშირი უნდა დადგეს მათ გვერდით და გადადგას საბოლოო ნაბიჯები, რათა დაეხმაროს ქართველებს დაიცვან თავიანთი დემოკრატია“,- წერია განცხადებაში რომელსაც ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელ „ექსში“ აქვეყნებს.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა, ცესკოს მონაცემებით პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა. ცესკოს მონაცემებს პრეზიდენტი და არცერთი ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტია არ აღიარებს რომლებმაც, ამ არჩევნების შედეგით ახალ პარლამენტში მანდატები მოიპოვეს. ოთხი პოლიტიკური გაერთიანება, პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე მეოთხე დღეა ავრცელებენ დარღვევების შესახებ ინფორმაციას და მოითხოვენ ასობით უბნის შედეგის გაუქმებას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 30 ოქტომბერს თქვა, რომ ხმის მიცემის პროცედურის ფარულობა იყო დარღვეული, რის გამოც ელექტრონული წესით მიცემული ხმების გაუქმება უნდა მოხდეს.

ასევე ნახეთ: მილერი: ამერიკის მორიგი ნაბიჯები მთლიანად საქართველოს ქმედებაზე იქნება დამოკიდებული

ცესკო გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. დღეს საქართველოს პროკურატურამ საქმის წარმოება დაიწყო და გამოკითხვაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაიბარა. "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბების თაობაზე შეფასებებს მცდარს უწოდებს და ამბობს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა.