რა გახდა ერთ დღეში ქაბულის დაცემის მიზეზი?

რა შეცდომები იყო დაშვებული ავღანეთში 20 წლიანი ომის დროს და რამ განაპირობა ერთ დღეში ავღანეთის ხელისუფლების მყისიერი მარცხი თალიბანის წინაშე? ეს არის საკითხები, რომლებზეც უკვე რამდენიმე თვეა ამერიკელი კანონმდებლები მსჯელობენ.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ოთხშაბათს გაიმართა. ამერიკელმა კანონმდებლებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს და თქვეს, რომ შეცდომები ამერიკის ოთხივე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში იქნა დაშვებული.

20 წლიან ომს ავღანეთში 2 500 ამერიკელი სამხედრო შეეწირა, ხოლო 20 000-ზე მეტი სამხედრო კი დაშავდა. ომის დროს ავღანეთში დახარჯული თანხის ოდენობა კი 2 ტრილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

თანხის დიდი ნაწილი ავღანეთის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების გაძლიერებაში და ავღანეთის არმიის შეიარაღებასა და გაწვრთნაში დაიხარჯა. თუმცა დღეს ანალიტიკოსები, სენატორები და სხვა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს არაეფექტური იყო. ისინი მიზეზად კორუფციას ასახელებენ.

Your browser doesn’t support HTML5

რიში: "ჩვენ არ ვიყავით ეფექტურები და ამან ავღანეთში კორუფციას გზა გაუხსნა, რაც დაუშვებელია"

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ წყურია ხალხს მსოფლიოს გარშემო სიტყვის, გამოხატვის, რელიგიის თავისუფლება. ამ მიმართულებით ბევრს ვაკეთებთ. ავღანეთში განვითარებული პროცესები, პოლიტიკის შემუშავებაში უნდა გავითვალისწინოთ“, - თქვა სენატორმა რიშმა. „ამ მხრივ ჩვენ არ ვიყავით ეფექტურები და ამან ავღანეთში კორუფციას გზა გაუხსნა, რაც დაუშვებელია”, განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა. მას მიაჩნია, რომ ამერიკამ ეს გამოცდილება სამომავლოდ უნდა გამოიყენოს.

რესპუბლიკელი სენატორის პოზიცია სენატორების დიდმა ნაწილმა და სხდომაზე მიწვეულმა მომხსნებლებმაც გაიზიარეს. ლორელ მილერი, რომელიც “საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის” აზიის პროგრამების დირექტორია მიიჩნევს, რომ კორუფცია ავღანეთში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო.

ასევე ნახეთ: ამერიკა ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლას და ჰუმანიტარულ დახმარებას გააგრძელებს

„ჩვენმა დახმარებამ ავღანეთში კორუფციის გაღვივებას ხელი შეუწყო. ძალიან შეზღუდული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ჩვენ ვდებდით დიდი რაოდენობის ინვესტიციას სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში.

ავღანეთში ჩადებული ფულით კორუფცია გაიზარდა და ბევრი ავღანელი კონტრაქტორი ძალიან გამდიდრდა. ნაწილმა დუბაიში ვილებიც კი აიშენა. ვფიქრობ, ეს არასწორი იყო. ამან გავლენა იქონია მოვლენების ასეთ განვითარებაზე“, - თქვა მილერმა.

გაცილებით უფრო კრიტიკული იყო ბენ კარდინი, დემოკრატი სენატორი მერილენდიდან. მას მიაჩნია, რომ ამერიკამ დრო „ფუჭად დაკარგა“.

„მესმის, რომ 20 წელი შეიძლება არ იყოს საკმარისი ზოგიერთი ერისთვის რომ დემოკრატიული მმართველობა ჩამოყალიბდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ 20 წლის განმავლობაში დრო ფუჭად დაიკარგა. მიღებული გაკვეთილების შემდეგ უნდა არსებობდეს გზა, რომლითაც ჩვენ შევძლებთ დახმარება გავუწიოთ ავღანელ ხალხს და არა კორუმპირებულ ლიდერებს“, - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა.

Your browser doesn’t support HTML5

კარდინი: "20 წლის განმავლობაში დრო ფუჭად დაიკარგა"


ახლა ავღანეთს ფინანსური დახმარება ნამდვილად სჭირდება. 31 აგვისტოს შემდეგ, როცა ბოლო ამერიკელმა სამხედრომ ავღანეთი დატოვა, ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება უკიდურესად გაუარესებულია. გაუფასურდა ეროვნული ვალუტა და ფასები პროდუქტზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. თალიბანი რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას აღიარებს და ვაშინგტონს დახმარებას სთხოვს. ამერიკამ ავღანელი ხალხის დახმარებისთვის 144 მილიონი ამერიკული დოლარი უკვე გამოყო. დახმარებას ავღანელები ჰუმანიტარული ორგანიზაციების საშუალებით მიიღებენ. წლის ბოლომდე თანხა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. ვრცლად იხილეთ აქ

მოიხსნება თუ არა თალიბანის მიმართ დაწესებული სანქციები და განაახლებს თუ არა დასავლეთი ავღანეთის მთავრობისთვის ფინანსურ დახმარებას ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, იმაზე, თუ როგორ დაიცავს თალიბანიქალების უფლებებს. თუ თალიბანი ქალებს, მუშაობის და სწავლის უფლებას არ მისცემს, სანქციების მოხნა ნაკლებად სავარაუდო იქნება. თალიბანი ამბობს, რომ ამაზე მუშაობენ, თუმცა ამ დრომდე ქალებს ავღანეთში რთული ვითარება უდგათ და ლურჯი ბურკებით ცხოვრება უწევთ. ვრცლად იხილეთ აქ

„ვითარება, რომელიც ქალთა უფლებების მხრივ ავღანეთშია შექმნილი, ჩვენი დროის ერთ-ერთი ტრაგიკული ასპექტია. ჩვენი იქ ყოფნის დროს დიდი ნაბიჯები გადაიდგა წინ, ქალებს სწავლის და მუშაობის უფლება ჰქონდათ. ახლა რაც ხდება ტრაგიკულია. თალიბანმა ქალებს უფლებები სრულაც წაართვა. მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ჰუმანიტარული დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ ავღანელ ხალხს, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა მივაღწიოთ პროგრესს ავღანეთში ქალთა უფლებების მხრივ“, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა. დემოკრატი სენატორს ფიქრობს, რომ 20 წლის განმავლობაში შეცდომები დაშვებული იყო, თუმცა დადებითი შედეგებიც იყო.

Your browser doesn’t support HTML5

ქალების ბედი თალიბანის ავღანეთში

დემოკრატი სენატორი ამბობს, რომ 20 წლიანი ომის დროს ავღანეთში განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. 2001 წლამდე ავღანეთში, მაშინ როცა თალიბანი მართავდა ქალებს ავღანეთში ჯანდაცვაზე წვდომა არ ჰქონდათ. კაც ექიმებთან მისვლის უფლებას მათ კანონი არ აძლევდა ქალი გამოცდილი ექიმები კი ქვეყანას არ ყავდა, რადგან ქალებს მუშაობისა და სწავლის უფლება არ ჰქონდათ. ამის გამო ქვეყანაში ათასობით ქალი იღუპებოდა.

„2002 -2012 წლებში მილიონობით ავღანელმა ქალმა განათლების მიღება შეძლო. იქ ყოფნის პერიოდში შევამცირეთ ჩვილთა და დედათა სიკვდილიანობა. შემცირდა სიღარიბეც. თუმცა კორუფციის გამო ამ მიმართულებითაც დღეს დიდი პროგრესი აღარ არის“, - თქვა სხდომაზე ავღანეთში ამერიკის ყოფილმა ელჩმა რაიან კროკერმა.

Your browser doesn’t support HTML5

კროკერი: მილიონობით ავღანელმა ქალმა განათლების მიღება შეძლო

ლორელ მილერი ამბობს, რომ თალიბანი ქალთა უფლებების დაცვაზე უარს არ ამბობს, თუმცა მნიშვნელოვან ნაბიჯებს მაინც არ დგამს.

„სამუშაო ბევრია. ამერიკამ ამ მხრივ კოლექტიური ძალისხმევა უნდა გამოიყენოს. თალიბანი ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობენ, თუმცა მათ რელიგია ქალებისთვის განათლების მიღებასა და მუშაობას უკრძალავს. მე ფიქრობ, ამ მხრივ მათ მაგალითები სხვა ისლამური სახელმწიფოებისგან უნდა აიღონ, სადაც ქალებს სწავლის უფლება აქვთ. მე ვფიქრობ ამ მხრივ ზეწოლა უნდა გაიზარდოს და გაგრძელდეს“, - თქვა მილერმა.

ასევე ნახეთ: 23 მილიონ ავღანელს შიმშილი ემუქრება

კორუფციის მიღმა სენატში გამართულ სხდომაზე აღინიშნა, რომ პრობლემა ბარაკ ობამას პრეზიდენტობის მიწურულს წარმოიშვა, როცა ამერიკის პრეზიდენტმა ომის დასრულების შესახებ ისაუბრა. ამერიკის ყოფილი ელჩი ავღანეთში, რაიან კროკერი ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ავღანელებში დიდი გუაგებრობა მოჰყვა.

სენატორების ნაწილმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმედებებიც გააკრიტიკა. სხდომაზე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ტრამპის მიერ თალიბანის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრებიც დასახელდა, რომელთა ფარგლებშიც თეთრი სახლი თალიბანთან მოლაპარაკებებს ავღანეთის მთავრობის გარეშე აწარმოებდა და ამერიკის ჯარის ავღანეთიდან გამოსვლის პროცესის დეტალებს განიხილავდა.

კრიტიკულები იყვნენ სენატორები პრეზიდენტ ბაიდენის მიმართაც. სენატორთა ნაწილმა თქვა, რომ ავრანეთიდან გამოსვლით ამერიკის იმიჯი მნიშვნელოვნად დაზარალდა და ამ მხრივ გეგმა არასწორად იყო შედგენილი. ლორელ მილერმა აღნიშნა, რომ ავღანეთი ამერიკის ინტერესებში აღარ ჯდებოდა, რამაც გამოსვლის პროცესი დააჩქარა.

ასევე ნახეთ: ომი დასრულდა - პრეზიდენტ ბაიდენის მიმართვა 

„ავღანეთი არ იყო და არ არის ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ინტერესის სფერო. ასე ვფიქრობ, რადგან ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ბაიდენი არ მიიღებდა ჯარის გამოყვანის გადაწყვეტილებას. თუ ის ჩათვლიდა, რომ იქ ყოფნა ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია, ჯარი იქ დარჩებოდა“, - აღნიშნა მილერმა.

სხდომა სენატში, დაახლოებით, ორი საათი გაგრძელდა. სენატორებმა და მომხსენებლებმა 20 წლიანი ომის რამდენიმე ასპექტი განიხილეს. ავღანეთის ომის შესახებ სენატში მოსმენები მომდევნო კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება.