დღეს, ავღანეთში მყოფმა 200-მა უცხოელმა, მათ შორის ამერიკის მოქალაქეებმა ავღანეთი უნდა დატოვოს. ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ჩარტერული რეისი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც თალიბანი მათ ევაკუაციას დათანცმდა.
ეს იქნება პირველი საერთაშორისო ჩარტერული ფრენა ქაბულიდან მას შემდეგ, რაც ქაბული თალიბანმა აიღო.
მანამდე, აშშ-ის მეთაურობით ქაბულიდან 124 000 ადამიანის, მათ შორის იმ ავღანელების ევაკუაცია განხორციელდა, ვინც განსაკუთრებული რისკის ქვეშ იყო.
ფრენებს ორი დღით წინ უსწრებდა თალიბანის მიერ დროებითი მთავრობის შექმნის შესახებ განცხადება.
სააგენტო „როიტერთან“, ანონიმურობის პირობის დაცვით, ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ თალიბანი ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის, ზალმაი ხალილზადის ზეწოლის ქვეშ იყო იმისთვის, რომ ჩარტერული ფრენები უზრუნველყოფილიყო.
დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის დაშლისა და ქაბულის აღების შემდეგ, თალიბანისთვის აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენა მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო. ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი, აშშ-ის ხელმძღვანელობით ჩატარებული მასშტაბური საევაკუაციო ოპერაციის შემდეგ დახურულია.
ყატარის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ აეროპორტი გახსნისთვის 90%-ით მზადაა. ის ასევე ამბობს, რომ ეს იქნება რეგულარული ფრენა და არა საევაკუაციო ოპერაცია. მისი თქმით, შემდეგი ფრენა პარასკევსაა დაგეგმილი.
თეთრის სახლის პრესსპიკერის, ჯენ საკის განცხადებით, ოთხშაბათის მონაცემებით აშშ-ის 100-მდე მოქალაქე კვლავ ავღანეთში იმყოფება. საკის თქმით, ზოგიერთ მათგანს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება არ სურდა, რადგან შესაძლოა იქ ოჯახის წევრები ჰყავდეთ.
Facebook Forum