ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა თალიბანს მოუწოდა, მეზობელ ავღანეთში ჩამოაყალიბოს მთავრობა, რომელიც ჩართულობის პრინციპის მატარებელი იქნება და მასში ყველა პოლიტიკური და ეთნიკური ჯგუფი იქნება წარმოდგენილი, რათა ომით გაჩანაგებულ ქვეყანაში დაძაბულობა შემცირდეს.
გაეროს გენერალური ასამბლეისთვის წინასწარ ჩაწერილ ვიდეო მიმართვაში, რომელიც 23 სექტემბერს ნიუ-იორკში წარმოადგინეს, რაჰმონმა ავღანეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ თავისი შეშფოთება კიდევ ერთხელ გააჟღერა და შექმნილ ვითარებას “რეგიონული უსაფრთხოების და სტაბილურობისთვის სერიოზული საფრთხე” უწოდა.
თალიბანმა პირობა დადო, რომ ჩართულობის პრინციპს გაიზიარებდა და ყოფილი მოწინააღმდეგეებისთვის საერთო ამნისტიას გამოსცემდა, მაგრამ მას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მთავრობაში მხოლოდ მამაკაცები არიან და თითქმის ყველა, ეთნიკური პუშტუნია. მთავრობას მკაცრი ხაზის ვეტერანები უძღვებიან.
ტაჯიკეთი ერთ-ერთია რეგიონის იმ მცირერიცხოვანი ქვეყნებიდან, რომლებმაც თალიბანთან ყოველგვარ მოლაპარაკებაზე უარი თქვეს.
გაეროს გენერალური ასამბლეისადმი მიმართვაში, რაჰმონმა თალიბანს ბრალი დასდო, რომ ის დაპირებებს არ ასრულებს და უფლებადამცველი ჯგუფები, როგორც თვითონ თქვა, “ავღანეთში სხვა ეთნიკური ჯგუფების უფლებების დარღვევის” შესახებ სიჩუმის გამო გააკრიტიკა.
ტაჯიკეთის ლიდერმა ასევე გამოთქვა შეშფოთება, როგორც თვითონ თქვა, ექსტრემისტული ჯგუფების, როგორიცაა ე.წ. “ისლამური სახელმწიფო” და ალ-ყაიდა, გაძლიერების გამო და თქვა, რომ ქვეყანა კვლავ საერთაშორისო ტერორიზმის ბუდედ გადაქცევის ზღვარზეა.
მან ტაჯიკეთი დაახასიათა, როგორც ტერორიზმის და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის “წინა ხაზზე” მყოფი ქვეყანა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
Facebook Forum