თურქეთს ხაშოგის მკვლელობაზე მეტი ინფორმაცია აქვს

მევლუთ ჩავუსოღლუ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ანკარას დისიდენტი ჟურნალისტის - ჯამალ ხაშოგის მკვლელობის თაობაზე მეტი ინფორმაცია აქვს. მისი თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ, თურქეთის მთავრობა მტკიცებულებებს დიდი ალბათობით, საჯაროდ გამოაქვეყნებს.

ჩავუსოღლუ ჟურნალისტებს დღეს, იაპონიაში ვიზიტის დროს ესაუბრა. მან ისიც თქვა, რომ საუდის არაბეთს და სხვა დაინტერესებულ ქვეყნებს უკვე ჰქონდათ ამ ინფორმაციას გაცნობის საშუალება.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი საუდის არაბეთის მეფე სალმანს რამდენჯერმე ესაუბრა. მეფე სალმანმა ერდოღანი დაარწმუნა იმაში, რომ ის მკვლელობის დაგეგმვაში ჩართული არ არის. თუმცა, ჩავუსოღლუს თქმით, თურქეთი კვლავაც თვლის, რომ საუდის არაბეთიდან სტამბოლში 15-კაციანი ჯგუფი სწორედ ხაშოგთან ანგარიშის გასასწორებლად ჩავიდა და რომ ისინი სპეციალური განკარგულების გარეშე მკვლელობას საკუთარი გადაწყვეტილებით, სავარაუდოდ არ ჩაიდენდნენ. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რა დონეზე გაიცა დისიდენტი ჟურნალისტის დასჯის განკარგულება.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი წარმოშობით საუდის არაბეთიდან იყო. მთავრობის მიმართ კრიტიკული მასალების გამოქვეყნების შემდეგ, მან თავი შეერთებულ შტატებს შეაფარა და მასალებს "ვაშინგტონ პოსტში" აქვეყნებდა.

ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საელჩოში ქორწინების საბუთების გასაფორმებლად შევიდა. მას გარეთ საცოლე ელოდა. ამ დღიდან დისიდენტი ჟურნალისტი აღარავის უნახავს.

თურქეთის მთავრობას თავიდანვე ეჭვი მკვლელობაზე ჰქონდა და აცხადებდა, რომ ხაშოგი იმ დღესვე წამებით მოკლეს, მისი გვამი კი დაანაწევრეს და გადამალეს. ჟუნრალისტის გვამი თვეზე მეტია, ნაპოვნი არ არის.

საუდის არაბეთმა თავიდან თქვა, რომ 59 წლის ჟურნალისტმა შენობა დატოვა და მის შესახებ არაფერი იცის. უსაფრთხოების ვიდეოფირზე ჩანს ხაშოგის ტანსაცმელში ჩაცმული სხვა ადამიანი, რომელიც საელჩოს შენობიდან გადის. შემდეგ, რიადმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. საუდის არაბეთის ვერსიით, ჯამალ ხაშოგის დაპირისპირება მოუვიდა საკონსულოს თანამშრომლებთან. გაწევ-გამოწევის და მისი გაკავების დროს, რომ საკონსულოდან არ გასულიყო, ის შემთხვევით გაიგუდა.

რიადმა გამოძიება დაიწყო და აცხადებს, რომ ხაშოგის საქმეზე 18 ადამიანი დააკავა. ანკარა გამოძიების წარმართვას და სასამართლოს გამართვას საკუთარ ტერიტორიაზე ითხოვს, რადგან მკვლელობა თურქეთში მოხდა.