ერდოღანი ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას უცხადებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თავის ვენესუელელ კოლეგას, ბრძოლაში ჩართულ ნიკოლას მადუროს მოუწოდებს, „მტკიცედ დადგეს“ პოლიტიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე მის გადადგომას მოითხოვენ. მადუროს მოწინააღმდეგეები მას დემოკრატიის ძირგამოთხრაში ადანაშაულებენ. მისი პრეზიდენტობის პირობებში ინფლაცია უკიდურესად გაიზარდა, ეკონომიკა ჩამოიშალა და პირველადი მოხმარების საქონელზე ფართო დეფიციტი წარმოიშვა.

ხუთშაბათს ერდოღანმა განაცხადა, რომ ტრამპის გადაწყვეტილება, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად ეღიარებინა, მისთვის შოკისმომგვრელი გახდა. ამ გადაწყვეტილების გამოცხადების საპასუხოდ, ოთხშაბათს, მადურომ თქვა, რომ შეერთებულ შტატებთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტდა და ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის 72 საათში დატოვება უბრძანა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მადუროს ამის გაკეთების უფლებამოსილება აღარ აქვს.

ერდოღანს სჯერა, რომ მადურო გაიმარჯვებს, თუ „მტკიცედ დარჩება იმ გზაზე, რომლისაც მას სჯერა“. თურქეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, იბრაჰიმ კალინის „ტვიტერზე“ გაკეთებული განცხადების თანახმად, ერდოღანმა მადუროს სატელეფონო საუბრისას უთხრა: „მადურო, ძმაო, მტკიცედ დადექი, თურქეთი შენს გვერდითაა“.

თურქული მედიაც მადუროს უჭერს მხარს და შეერთებულ შტატებს ბრალს სდებს იმაში, რომ დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის დამხობას ცდილობს. თურქულ მედიაში თურქეთსა და ვენესუელას შორის პარალელს ავლებენ მას შემდეგ, რაც ტრამპმა „ტვიტერით“ განაცხადა, რომ ამერიკის მიერ მხარდაჭერილ, სირიელ ქურთ ამბოხებულებზე ანკარის თავდასხმის შემთხვევაში, თურქეთის ეკონომიკას „გაანადგურებს“.

მოსალოდნელია, რომ ერდოღანი მადუროს მხარდაჭერას გააგრძელებს, რადგან თურქეთში, მარტის ადგილობრივი არჩევნების წინ, „ამერიკული იმპერიალიზმის“ საწინაღმდეგო პოზა, თურქეთში კარგად მუშაობს, თუმცა ყოფილი დიპლომატი სელჩენი მიანიშნებს, რომ ეს მხარდაჭერა მეტწილად ცარიელ სიტყვებად დარჩება.