თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტმა ერდოღანმა გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ გამარჯვება მოიპოვა. არჩევნების შემდეგ, თურქეთში პრეზიდენტის ძალაუფლება მნიშვნელოვნად იზრდება. მას ექნება უფრო მეტი კონტროლი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაზე.
მიმომხილველები ამბობენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ის ხელისუფლების უფრო მეტ ცენტრალიზებას მოახდენს და ოპოზიციის წინააღმდეგ მეტად დაუნდობელი გახდება. საგარეო არენაზე, ერდოღანი წინააღმდეგობრივ რიტორიკას იქამდე არ შეცვლის, სანამ მას დასავლეთის დახმარება არ დასჭირდება.
„ის გააგრძელებს საკუთარ პოლიტიკას, უარყოფს ოპოზიციის და ქურთების მოთხოვნებს, რადგან მას ნაციონალისტური ძალების დახმარება სჭირდება. ის ალბათ არ აირჩევს პროდასავლურ გზას იქამდე, სანამ ფინანსური კრიზისის წინაშე არ აღმოჩნდება“, - ამბობს ალი ჩარქოღლუ, კოჩის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი.
წინასაარჩევნოდ, ერდოღანი დასავლეთის წინააღმდეგ მკაცრი რიტორიკით გამოირჩეოდა. საგარეო დაპირისპირება მას საშინაო მხარდაჭერის მოპოვებაში ეხმარება. დასავლეთსა და თურქეთს შორის უთანხმოებების ნუსხა ვრცელია - ამერიკაში თურქული სახელმწიფო „ჰალკ ბანკის“ წინააღმდეგ გამოძიებიდან დაწყებული, თურქი რელიგიური ლიდერის ფეტულა გულენის ექსტრადიციის მოთხოვნით დამთავრებული. თურქეთში, ერდოღანის და ნაციონალისტური პარტიის, MHP-ს ალიანსი ნატოს პარტნიორებს შორის ჩიხიდან დიპლომატიური გამოსავლის პოვნას ართულებს.
„მას შეიძლება დასჭირდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის დახმარება. სანამ ხალხის მხარდაჭერას გრძნობს, ეკონომიკა არ აღელვებს. ამას კი ხელს უწყობს მედია გარემო, რომელსაც ერდოღანი აკონტროლებს. თუ თურქულ მედიას მოუსმენთ, იფიქრებთ, რომ თურქეთს ეკონომიკური პრობლემები არ აქვს“, - თქვა ალი ჩარქოღლუმ.
ამერიკისა და თურქეთის ინტერესები განსხვავდება სირიაში, სადაც შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქურთულ შენაერთებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღდეგ. ანკარა კი ამ შენაერთების წინააღდეგ იბრძვის და მათ თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირში სდებს ბრალს. ამასთან, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა ვაშინგტონში თურქეთის საელჩოსთან ერდოღანის დაცვასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს მოჰვყა. კავშირების კიდევ უფრო გაცივება ანკარის მიერ ამერიკელი პასტორის და ამერიკის საელჩოს ორი თურქი თანამშრომლის დაკავებამ გამოიწვია.
„დასავლეთთან რთული ურთიერთობა, ვფიქრობ, გაგრძელდება. ამის მიზეზი, პირველ რიგში, 2019 წლის ადგილობრივი არჩევნებია. თურქეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და საგარეო პრობლემების გრძელი სია, უფრო ადვილად მოგვარდება, თუ ანკარა დემოკრატიულ, კანონის უზენაესობის გზას დაადგება და დასავლეთთან ურთიერთობებს მოაგვარებს. თუმცა, დღეს მთავრობა და ერდოღანი ამ პრობლემების კონსტრუქციულად მოგვარების ნაცვლად, დასავლეთის დადანაშაულების პოლიტიკას აგრძელებს“, - ამბობს ქემალ ქირიშჯი, ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკლევარი ვაშინგტონში.
პარალელურად, ანკარა მოსკოვს უახლოვდება. თურქეთი რუსეთის S-400 საჰაერო სისტემის შესყიდვას გეგმავს, რომელიც ბრიუსელსა და ვაშინგტონში ოფიციალური პირების განცხადებით, შეუსაბამოა ნატოს თავდაცვის სისტემებთან. უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის მიღმა, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტიც. რუსეთი თურქეთის პირველ ბირთვულ რეაქტორს აშენებს, იგეგმება შავი ზღვის ქვეშ მილსადენ „თურქსტირიმის“ მშენებლობაც, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის ანკარის ენერგო-დამოკიდებულებას მოსკოვზე. ამ დროისთვის, ენერგიის 60%-ს თურქეთი რუსეთისგან იღებს.
ვაშინგტონსა და ბრიუსელში ეს ნაბიჯები არ მოსწონთ. ამერიკის კონგრესი, 2019 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტით, შეეცადა თურქეთისთვის F-35 ტიპის საჰაერო გამანადგურებლის მიყიდვის პირობითობის განსაზღვრას. კონგრესს სურს შეაჩეროს F-35-ის ანკარისთვის მიყიდვა, თუ ეს უკანასკნელი რუსულ საჰაეროს სისტემის შესყიდვაზე უარს არ იტყვის.
„თურქეთს და რუსეთს ხანგრძლივი ეკონომიკური და სამხედრო ისტორია აქვთ. ვფიქრობ, თურქეთს სურს შეინარჩუნოს მისი დასავლური ორიენტაცია, ჩემი აზრით, ამერიკამ და ევროკავშირმა თურქეთს ზურგი არ უნდა აქციონ, რადგან ქვეყანა, რომელიც ამით ყველაზე მეტად ისარგებლებს, რუსეთია. მოსკოვი უკვე ცდილობს დასავლეთსა და თურქეთს შორის მზარდი უთანხმოების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას“, - თქვა ამანდა სლოუთმა, ბრუკიგნსის ინსტიტუტის უფროსმა მკლევარმა ვაშინგტონში.
მიუხედავად გამოწვევებისა, თურქეთი ნატოს მნიშნელოვანი პარტნიორია. შეერთებული შტატების ინტერესებისთვის ახლო აღმოსავლეთში, თურქეთთან თანამშრომლობა კრიტიკულია. მიმომხილველები ამბობენ, რომ თეთრი სახლი შეინარჩუნებს უსაფრთხოების კუთხით ახლო თანამშრომლობას თურქეთთან, თუმცა ანკარამ, კრიტიკა დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევის გამო, ადმინისტრაციაზე მეტად შესაძლოა კონგრესისგან მიიღოს.
Facebook Forum