ნინო ლომჯარია: გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა

ნინო ლომჯარია, საქართველოს სახალხო დამცველი

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე პარტია "სტრატეგია აღმაშენებლიდან", "რეჟიმის მოკავშირეა". ეს განცხადება ყოფილმა სახალო დამცველმა "ფეისბუქით" გაავრცელა.

"ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა... ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის წინ რაც მოხდა კანონიერია", - წერს ნინო ლომჯარია.

დაახლოებით 22:00 საათზე გიორგი ვაშაძემ პარლამენტის შენობასთან შეკრებილ ათასობით ადამიანს მოუწოდა პარლამენტის შენობისთვის ალყა შემოერტყათ. 8 მარტი საქართველოში უქმე დღეა - 7 მარტს მიმდინარე აქციის დროს დაპირისპირების გამო დღეს პარლამენტის შენობა დაიკეტა და აკრედიტებულ ჟურნალისტებსაც კი არ უშვებდნენ იქ. შენობაში ძირითადად მხოლოდ საპოლიციო ძალები იყვნენ.

ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში დაიწყო აქციის მონაწილეებსა და საპოლიციო ძალებს შორის დაპირისპირება. მოქალაქეების ნაწილი აზიანებდა ინფრასტრუქტურას, საპოლიციო ძალები კი იყენებდნენ წყლის ჭავლს და ცრემლმდენ აირს.

Your browser doesn’t support HTML5

„არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს!” - საპროტესტო აქცია საქართველოს საელჩოსთან

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, გიორგი ვაშაძე საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ბრალდებას, რომლის აზრითაც, პოლიტიკოსი "რეჟიმის მოკავშირეა", უსამართლოს უწოდებს. ვაშაძემ "ფორმულას" ეთერში თქვა, რომ "ერთიანობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა".

"დარბევა დაიწყეს მათ. მე ნინოსაც მოვუწოდებ და სხვებსაც, კარგად გაიაზრეთ, როდესაც უსამართლო განცხადებებს აკეთებთ. ჩვენ უნდა ვიდგეთ ყველა ერთად, ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რომელსაც უნდა, რომ საქართველო დაუქვემდებაროს რუსეთს. ნუ გვაქვს ხოლმე რაღაცა უეცარი აღტყინებები.

არცერთ შემთხვევაში მე ამას არ ვუპასუხებ. უნდა გავიაზროთ, ეს მოთხოვნა რაც იყო დაყენებული (უკან იქნეს გაწვეული კანონი), ეს მოთხოვნა არის დღესაც... ჩვენს ერთიანობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მე რაც გავაჟღერე, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან იყო შეთანხმებული. ეს იყო საერთო პოზიცია. ამას დაუჭირა ხალხმა მხარი", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ასევე ნახეთ: პარლამენტის შენობის წინ გზა გადაიკეტა - აქცია 7 საათზე დაიწყება

ბოლო რამდენიმე დღეა თბილისში იმართება აქცია იმ კანონპროექტის გასაპროტესტებლად, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა - "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა. ამ დოკუმენტით საქართველოს პარტნიორი ჩვენებისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირება მოწევთ. ეს კანონპროექტი მიუღებელია არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვისაც.

ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პარლამენტმა ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიიღო 7 მარტს. ამ დრომდე ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 70-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

7 მარტს დღის პირველ ნახევარში ცნობილი იყო, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე 9 მარტს უნდა გაეტანათ. მოულოდნელად გადაწყვეტილება შეიცვალა და ორი ინიციირებული კანონპროექტიდან ერთ-ერთის განხილვა 7 მარტსვე დაიწყო - საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, "თავდაცვის კოდექსში" შესატანი ცვლილებების მომზადება ვერ მოესწრო და მის ნაცვლად გადაწყვიტეს დაიწყონ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა. პარლამენტმა დოკუმენტი პირველი მოსმენით მიიღო.