კოფი ანანი დამასკოს პასუხს ელის

სირიაში გაეროს და არაბული ლიგის დესპანის კოფი ანანის განცხადებით, ის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადის მთავრობისგან კონკრეტულ პასუხებს ელოდება, იმ წინადადებებზე, რაც მან დამასკოში მოლაპარაკების დროს დააყენა. კოფი ანანმა სირია ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ კვირას დატოვა. მან დღეს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შეხვედრა გამართა სირიის ეროვნულ საბჭოსთან, რომელიც უმთავრესი ოპოზიციური ჯგუფია. ასევე, დღეს ბრიტანეთში მოქმედმა სირიის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ არმიის დეზერტირები თავს დაესხნენ სამთავრობო ძალების საკონტროლო-გამშვებ პუნქტს რის შედეგადაც 10 ჯარისკაცი მოკლეს. გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთს და ჩინეთს მოუწოდა შეუერთდნენ საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო ძალისხმევას სირიაში მშვიდობის დამყარების საქმეში. ამასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა:

„ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია და ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ კოფი ანანის მისია წარმატებული აღმოჩნდება და საშუალებას მოგვცემს შევთანხმდეთ სისხლისღვრის შეჩერებაზე,“ - განაცხადა ლავროვმა.