ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილთა ბანაკს სირიაში ცეცხლი გაუხსნეს


თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, სირიის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე დევნილთა ბანაკს. შედეგად დაიჭრა ერთი სირიელი დევნილი და თურქი თარჯიმანი. მას შემდეგ, რაც თურქეთმა სირიელი ლტოლვილების მიღება დაიწყო, ეს სასაზღვრო ზოლზე მომხდარი პირველი შემთხვევაა.

სირიის ოპოზიციის არმიის პოლკოვნიკმა ქასემ საად ალ დინმა სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეო კლიპში განაცხადა:

„თავისუფალი სირიის არმია აცხადებს, რომ მზად ვართ დავიცვათ კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა და დავემორჩილოთ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. თუ სირიის რეჟიმი შეწყვეტს ცეცხლს, ჩვენ 10 აპრილს გამთენიისას შევასრულებთ პირობას.“

თავდასხმა ქალაქ კილისში მოხდა, სადაც თურქეთის მთავრობამ სირიელი ლტოლვილებისთვის ბანაკი დააარსა. დღეს იქ დაახლოებით 25 ათასი დევნილი ცხოვრობს.

გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი ხვალ ლტოლვილთა ბანაკს ეწვევა.

სირიელი აქტივისტების განცხადებით, მათ პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადის უშიშროების ძალების ექვსი წარმომადგენელი მოკლეს თურქეთის საზღვართან გამართული ბრძოლების დროს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასადს ცეცხლის შეწყვეტა და გაეროს სპეციალური წარმომადგენელი კოფი ანანის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის განხორციელება მოუწოდა.

XS
SM
MD
LG