ფედერალური მთავრობა მესამედ დახურვის საფრთხის წინაშეა

ამერიკელი კონგრესმენები იმედოვნებენ, რომ დღეს მოლაპარაკებების შემდეგ კენჭს უყრიან ბიუჯეტის ხარჯვით პროექტს, რომელიც 1.3 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

წარმომადგენელთა პალატამ პროექტს კენჭი დღეს უნდა უყაროს, რის შემდეგაც ის სენატში გადაინაცვლებს.

კანონმდებლებს ბიუჯეტის პროექტის დასამტკიცებლად ვადა პარასკევს შუაღამემდე აქვთ. თუ კონგრესმა ამ პროექტზე შეთანხმება ვერ მოახერხა, ფედერალური მთავრობა დაიხურება, რაც ტრამპის ადმინისტრაციისთვის მთავრობის მესამე დახურვა იქნება.

დამტკიცების შემთხვევაში ამ პროექტით მთავრობა სექტემბრის ბოლომდე ფინანსდება. ამ პროექტს პრეზიდენტი ტრამპი ემხრობა - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გუშინ გავრეცელებულ განცხადებაში.

პროექტის მიხედვით, მნიშვნელოვნად იზრდება თავდაცვის ბიუჯეტი, ასევე 2.4 პროცენტით იზრდება სამხედრო პერსონალის ანაზღაურება.

ბიუჯეტის ამავე პროექტში 1.6 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული ამერიკა-მექსიკის საზღვარზე 150 კილომეტრიანი კედლის და ფიზიკური ბარიერების ასაშენებლად.