სამხრეთ კორეა აფრთხილებს მეზობელ ჩრდილოეთ კორეას, არ გაუშვას სადაზვერვო თანამგზავრი კოსმოსში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სეულმა შესაძლოა შეაჩეროს ორ ქვეყანას შორის დადებული შეთანხმება, რომელიც კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის შემცირების მიზნით იქნა მიღწეული.
სეული ასევე მიანიშნებს, რომ სატელიტის გაშვების შემთხვევაში, სამხრეთ კორეა განაახლებს ფრონტის ხაზზე საჰაერო მეთვალყურეობას. აღნიშნული განცხადება სეულის არმიის წარმომადგენლებმა ორშაბათს, 20 ნოემბერს გააკეთეს.
ჩრდილოეთ კორეამ წლის დასაწყისში ორჯერ სცადა სამხედრო სადაზვერვო თანამგზავრის ორბიტაზე გაშვება, მაგრამ წარუმატებლად. შემდეგ ფხენიანმა განაცხადა, რომ მესამე მცდელობას ოქტომბერში გეგმავდა, თუმცა გაშვება გადადო.
სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ შეფერხებას ელოდნენ, რადგან ჩრდილოეთ კორეა ტექნოლოგიურ დახმარებას რუსეთისგან ელოდა. ახლა კი სადაზვერვო სატელიტის კოსმოსში გაშვება შეიძლება უახლოეს დღეებში მოხდეს.
ასევე ნახეთ: ბლინკენს რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის მზარდი სამხედრო კავშირი აშფოთებს„ჩვენი სამხედროები მიიღებენ აუცილებელ ზომებს, ხალხის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად, თუ ჩრდილოეთ კორეა განაგრძობს სამხედრო სადაზვერვო თანამგზავრის გაშვებას, ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად“, თქვა სამხრეთ კორეის არმიის მაღალჩინოსანმა, კანგ ჰოპილმა სატელევიზიო განცხადებაში.
ერთი დღით ადრე, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონსიკმა ადგილობრივ საზოგადოებრივ მაუწყებელ KBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გაშვება მოსალოდნელი იყო ამ თვის ბოლოს. მისი თქმით, სამხრეთ კორეის და შეერთებული შტატების ხელისუფლება ყურადღებით ადევნებს თვალს ჩრდილოეთ კორეის ნაბიჯებს.
გაეროს უშიშროების საბჭო კრძალავს ჩრდილოეთ კორეის მიერ ნებისმიერი თანამგზავრის გაშვებას, რადგან ის ამ ფაქტს განიხილავს, როგორც ფხენიანის სარაკეტო ტექნოლოგიების შენიღბულ გამოცდას. კანგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეას სჭირდება სადაზვერვო თანამგზავრი სამხრეთ კორეის მონიტორინგის გასაუმჯობესებლად, გაშვება ასევე მიზნად ისახავს მისი შორი მანძილის რაკეტების პროგრამის გაძლიერებას.