ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეამ ორი მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა


ოთხშაბათს, გამთენიისას, ჩრდილოეთ კორეამ მცირე რადიუსის ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სეულში ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს შეფარული მუქარა ამერიკული სტრატეგიული ატომური წყალქვეშა ნავის წინააღმდეგ, რომელიც სამხრეთ კორეის პორტში რამდენიმე საათით ადრე შევიდა.

მცირე რადიუსის ორი ბალისტიკური რაკეტა დედაქალაქ ფხენიანის სიახლოვეს, სუნანის რაიონიდან გაუშვეს. სამხრეთ კორეის გენერალური შტაბის თანახმად, რაკეტები დილის 3:30-დან 3:46-მდე პერიოდში გაუშვეს.

სამხედრო უწყების ცნობით, კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით წყალში ჩავარდნამდე, რაკეტებმა დაახლოებით 550 კილომეტრი იფრინა. 550 კმ არის ზუსტად ის მანძილი, რაც სუნანსა და ბუსანს შორისაა, სადაც „USS Kentucky” (SSBN-737) არის გაჩერებული, აღნიშნა სამხედრო და უსაფრთხოების კვლევების პროფესორმა კიმ დონგ იუპმა, რომელიც სეულში, "ჩრდილოეთ კორეის კვლევის უნივერსიტეტში" მუშაობს.

„შესაძლოა ჩრდილოეთ კორეამ, რომელსაც ახლა საზაფხულო სამხედრო წვრთნების პერიოდი აქვს, მალე გამოაცხადოს, რომ სამხრეთ კორეის პორტის თავზე, სადაც ამერიკული წყალქვეშა ნავი იმყოფება, გამოცდა ჩაატარა. მისი მიზანი კი „ისკანდერის“ საკუთარ ვერსიაზე დაყენებული ტაქტიკური ბირთვული ქობინის დეტონაციის სიმულაცია იყო", - ამბობს კიმ დონგ იუპი.

ჩრდილოეთ კორეა კვირების განმავლობაში აცხადებდა, არ შეეყვვანათ სამხრეთ კორეის პოტში ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, რომელსაც 20 „ტრაიდენტ 2“ ბალისტიკური რაკეტის ტარება შეუძლია. ამ რაკეტებს 12,000 კილომეტრი მანძილის დაფარვის შესაძლებლობა აქვს და საბრძოლო ნაწილი მრავლობითი ბირთვული ქობინისგან შედგება.

XS
SM
MD
LG