კორეის ომიდან 73 წლის თავზე, ჩრდილოეთ კორეაში ანტიამერიკული საპროტესტო აქცია გაიმართა. სამთავრობო მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა „უმოწყალო შურისძიების პირობა დადეს“.
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების მიხედვით, დედაქალაქში გამართულ აქციაში 120 000-ზე მეტი ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას. აქციის ორგანიზატორებმა საზოგადოებას ომის საკუთარი ვერსია შესთავაზეს და 73 წლის წინანდელი ომის პროვოცირებაში ბრალი ამერიკის შეერთებულ შტატებს დასდეს.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ვერსია და ისტორიის ამგვარი ინტერპრეტაცია სრულ წინააღმდეგობაში მოდის რეალურ ფაქტებთან და მტკიცებულებებთან.
ჩრდილოეთ კორეელი აქციტივსტი, რომელიც ახლა თავს სამხრეთ კორეას აფარებს, ამბობს, რომ ომი 73 წლის წინ სწორედ კიმ ჩენ ინის ბაბუამ, კიმ ირ სენმა დაიწყო. პარკ სანგ-ჰაკი ჩრდილოეთ კორეაში სამთავრობო პროპაგანდასთან ბრძოლას ცდილობს და ის ამ მიზნით, საჰაერო ბუშტების დახმარებით, საკუთარ ქვეყანაში სხვადასხვა შინაარსის მესიჯებს გზავნის.
ეს მის მიერ კარგად ნაცადი გზაა, შეიტანოს განსხვავებული აზრი ჩრდილოეთ კორეაში, 26-მილიონიან ქვეყანაში სადაც საინფრომაციო სივრცე სრულად კონტროლდება მთავრობის მიერ.
პანდემიის დროს, საჰაერო ბუშტების დახმარებით კი სანგ-ჰაკი ცდილობდა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია კოვიდ19-ის ვაქცინების შესახებ. ამ კვირაში კი მან საჰაერო ბუშტების დახმარებით ჩრდილოეთ კორეაში გააგზავნა ფოტოსურათი წარწერით, სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ კორეის ომი 73 წლის წინ, კიმ ჩენ ინის ბაბუის ქმედებებმა გამოიწვია.
ასეთ ნაბიჯებზე ჩრდილოეთ კორეას მკაცრი რეაგირება აქვს ხოლმე, თუმცა აქტივისტის განცხადებას ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია.
ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ამბობს, რომ მათ შექმნეს ბირთვული იარაღი, რომლითაც შეუძლიათ იერიში მიიტანონ ამერიკის შეერთებულ შტატებზე. კვირას გამართულ აქციაზე ორგანიზატორების მხრიდან ეს მესიჯი არაერთხელ გავრცელდა, რაც აქციის მონაწილეებში ოვაციებს იმსახურებდა.
Facebook Forum