25 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო პეკინში ჩავიდა. ოფიციალური ვერსიით, მისი მივლინება ჩინეთში საერთაშორისო საკითხების განხილვას ეხება.
რუდენკო კვირას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ცინ განგს შეხვდა. მათ პეკინში ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და ასევე "ერთობლივი შეშფოთების საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე" ისაუბრეს.
ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, რამდენად ეხებოდა რუსეთის ერთ-ერთ წამყვან მოკავშირესთან გამართული შეხვედრა, წინა დღით რუსეთში განვითარებულ მოვლენებს. მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო ფორმირება "ვაგნერი", ევგენი პრიგოჟინის მეთაურობით, მოსკოვისკენ დაიძრა, ქვეყანაში ვითარება დაძაბული იყო.
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, საფრთხე რუსეთის სახელმწიფოებრიობას და მის არსებობას ემუქრებოდა. მისი თქმით, პრიგოჟინი ღალატამდე "მოჭარბებულმა ამბიციებმა" მიიყვანა. "და ის, ვინც გამიზნულად დაადგა ღალატის გზას, ვინც შეიარაღებული ამბოხი მოამზადა, ვინც შანტაჟის და ტერორის მეთოდებს იყენებს, გარდაუვლად დაისჯება, პასუხს აგებს როგორც კანონის, ისე ჩვენი ხალხის წინაშე" - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა 24 ივნისს.
ჩინეთს რუსეთში მომხდარზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. დასავლეთის ლიდერები, ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ჩათვლით, აცხადებდნენ, რომ ისინი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს თვალს ადევნებდნენ და აკვირდებოდნენ.
Facebook Forum