"ვაგნერის" ჯარისკაცებმა დატოვეს რუსეთის სამრეთით მდებარე ქალაქი დონის როსტოვი, რაც დაჯგუფების ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინსა და ვლადიმირ პუტინს შორის, შეთანხმების საფუძველზე მოხდა. შეთანხმებით, მოსკოვი აჩერებს სასამართლო დევნას პრიგოჟინის წინააღმდეგ და ის ბელარუსში გადასახლდება, ხოლო ვაგნერის მებრძოლები ბაზებზე დაბრუნდებიან. შეთანხმება ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშნკოს შუამდგომლობით იქნა მიღწეული.
თუმცა, შეწყვეტილი ამბოხება აჩენს კითხვებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ძალაუფლების სიმტკიცის შესახებ ქვეყანაში, რომელსაც ის რეპრესიებით მართავს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მომხდარმა დაამსხვრია რუსეთის ერთიანობის "მითი".
62 წლის პრიგოჟინმა, პუტინის ყოფილმა მოკავშირემ, რომლის ძალებმაც უკრაინაში 16-თვიანი ომის ყველაზე რთულ და სისხლიან ბრძოლებში მიიღეს მონაწილეობა, თქვა, რომ მოსკოვისკენ წინსვლა მიზნად ისახავდა კორუმპირებული და არაკომპეტენტური რუსი სამხედრო ხელმძღვანელობის ჩამოგდებას, რომლებსაც ის ომის არასწორ წარმართვაში ადანაშაულებს.
პრიგოჟინი შაბათს, მოგვიანებით, როსტოვის რაიონული სამხედრო შტაბის დატოვებისას ნახეს. მისი ადგილსამყოფელი ახლა უცნობია.
როსტოვიდან ღამით სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ დაქირავებულ მეომრებს ჯავშანტექნიკა, ტანკებისა და ავტობუსების კოლონები ქალაქიდან გაჰყავდათ, ადგილობრივი მოსახლეობის საზეიმო შეძახილების ფონზე.
მოსკოვში კვირა დღე მშვიდად დაიწყო. წითელი მოედანი დაკეტილია, თუმცა ქუჩებში უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაზრდილი აღარ არის. მოსკოვის მერმა ორშაბათი არასამუშაო დღედ გამოაცხადა.
დონის როსტოვის აღების შემდეგ ვაგნერის ჯგუფის წევრებმა მოსკოვის მიმართულებით ასობით კილომეტრი გაიარეს. პრიგოჟინმა აღნიშნულს "სამართლიანობის მარში" უწოდა.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა შაბათს თქვა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე, შეწყდება. პრიგოჟინი ბელარუსში გადასახლდება და ვაგნერის მებრძოლებს, რომლებიც მას ეხმარებოდნენ, საფრთხე არ დაემუქრებათ.
პესკოვმა თქვა, რომ ლუკაშენკომ შუამავლის როლი ითამაშა, რადგან ის თითქმის 20 წელია პირადად იცნობს პრიგოჟინს.
შაბათის არეულობის ფონზე, სატელევიზიო მიმართვაში პუტინმა თქვა, რომ აჯანყებამ საფრთხე შეუქმნა რუსეთის არსებობას.
„ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ხალხის სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, უფლებისთვის, რომ არ განადგურდეს რუსეთი, სახელმწიფო, რომელსაც აქვს ათასი წლის ისტორია“, - თქვა პუტინმა და პირობა დადო, რომ დასჯის მათ, ვინც „შეიარაღებული აჯანყების“ უკან დგას. მან პარალელი გაავლო 1917 წლის ქაოსთან, რასაც ბოლშევიკური რევოლუცია მოჰყვა.
პესკოვმა უარი თქვა განემარტა, მიიღო თუ არა კრემლმა დათმობები პრიგოჟინისგან, გარდა უსაფრთხოების გარანტიებისა მისთვის.
პრიგოჟინი თვეების განმავლობაში აკრიტიკებდა სამხედრო მაღალჩინოსნებს, განსაკუთრებით თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს. ის მათ არაკომპეტენტურობაში და მისი ძალებისთვის საბრძოლო მასალის არ მიწოდებაში ადანაშაულებდა, უკრაინაში ბახმუტისთვის გამართული ბრძოლისას.
ყოფილი მსჯავრდებულის, პრიგოჟინის ხელმძღვანელობით, „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანია, რომელშიც რუსეთის ციხეებიდან გაშვებული პატიმრებიც შედიან, ფართო საერთაშორისო ბიზნესად იქცა, სამთო ინტერესებითა და მებრძოლებით აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.
Facebook Forum