უკრაინის უსაფრთხოების მაღალჩინოსანი საკუთარ ბინაში მკვდარი იპოვეს

21 აგვისტოს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ უკრაინის სადაზვერვო სამსახურის რეგიონული ხელმძღვანელი თავის სახლში მკვდარი იპოვეს. 20 აგვისტოს ღამით, სროლის ხმის გაგების შემდეგ, ოლექსანდრ ნაკონეჩნი მეუღლემ მათივე ბინის ოთახში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით იპოვა.

ასევე ნახეთ: უკრაინამ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 2 მაღალჩინოსანი დააკავა

ადგილობრივმა პოლიტიკოსმა ანდრიი ლავრუსმა „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა, რომ ნაკონეჩნიმ თავი მოიკლა. ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ნაკონეჩნი კიროვოჰრადის რეგიონის უსაფრთხოების სამსახურს 2021 წლის იანვრიდან უძღვებოდა. მანამდე, უსაფრთხოების სამსახურის კიევის განყოფილებაში, ანტიკორუფციული და ორგანიზებული დანაშაულის დანაყოფში მუშაობდა.

ივლისში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თავისი ბავშვობის მეგობარი და ყოფილი ბიზნეს-პარტნიორი ივან ბაკანოვი სამსახურიდან დაითხოვა. მიზეზად დასახელდა ათობით საქმე, რომელიც მათი სააგენტოების ოფიციალური პირების რუსეთთან თანამშრომლობას ეხებოდა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პირადი შემადგენლობის რევიზია მოხდება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სააგენტოს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი სამსახურიდან დაითხოვეს.