რიში: მოველი 8 მარტის შეთანხმების სრულ შესრულებას

სენატორი ჯიმ რიში

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას "ტვიტერზე" ეხმიანება.

სენატორი საქართველოს ულოცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს და აცხადებს, რომ მოელის 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას.

"მე მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც 8 მარტის შეთანხმება მოითხოვდა. ეს გაზრდის ქართველების ნდობას მათი მთავრობის მიმართ და წაახალისებს დემოკრატიულ ჩართულობას. მოველი შეთანხმების სრულ შესრულებას და საქართველოს დემოკრატიის გაღრმავებას", - განაცხადა სენატორმა.

დღეს საქართველოს საკითხზე, საკუთარ გამოსვლაში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

"მივესალმებით მიმდინარე კვირაში საქართველოში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას და ოფიციალური პირების დაპირებებს საერთაშორისო დონეზე რეკომენდებული საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, მათი მიღებით და აღსრულებით. ყოჩაღ მათ," - თქვა მაიკ პომპეომ.


ბოლო თვეების განმავლობაში ეს სახელმწიფო მდივნის პირველი განცხადებაა, რომელიც პომპეომ თავად გააკეთა საქართველოს შესახებ. თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმესნით მიღების შემდეგ, ორშაბათს განცხადება გაავრცელა.

ასევე ნახეთ: აშშ-ის საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება

მასში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც ქვეყანაში უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას შემოიღებს.

ასევე ნახეთ: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებზე - "ყოჩაღ მათ"

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებები ასევე გააკეთეს შეერთებული შტატების საელჩომ და ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში.

ასევე ნახეთ: სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავს

ორშაბათს მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 117 ხმით მიიღო. კენჭისყრას არ ესწრებოდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი, ისინი ვინც ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ და გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.