საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებას ამერიკის საგარეო უწყების წარმომადგენელი მორგან ორტაგუსი ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც ქვეყანაში უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას შემოიღებს.
„დამტკიცებული [ცვლილებები, რომლებიც] პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის მონაწილეობით მიღებული 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგია, ხელს შეუწყობს მეტ სტაბილურობას და საპარლამენტო პლურალიზმს საქართველოში მომავალი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე,“ ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღოს და [მოვუწოდებთ] საქართველოს მთავრობას ეფექტურად აღასრულოს ეს კანონმდებლობა. საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანს წარმოადგენს. სამართლიანობა წინა-საარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების დღეს,“ ნათქვამია განცხადებაში.
„შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მის ძალისხმევაში გააძლიეროს დემოკრატია, საარჩევნო პრაქტიკა და კანონის უზენაესობა, ასევე [მხარს უჭერს] მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, რომლებიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ საუკეთესო თავდაცვაა.“
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებები უკვე გააკეთეს შეერთებული შტატების საელჩომ და ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში.
აშშ-ის საელჩოს განცხადებით, „ვაღიარებთ, რომ ეს ცვლილებები ასახავს იმ კომპრომისებს, რომელთა მისაღწევად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სირთულეების გადალახვა დასჭირდათ და მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო ამ ცვლილებების წარმატებით დასრულება. ვწუხვართ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა [კენჭისყრაში].“ განცხადებაში ასევე ნათქვამია: „გვსურს, ყველა მხარემ პატივი სცეს ჩვენს, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას.“
დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტის განცხადებით, „დღეს ისტორიული დღეა. კონსტიტუციური ცვლილებები დემოკრატიის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია. უფრო წარმომადგენლობითი და პლურალისტული იქნება და მეტ ადამიანს ექნება საშუალება საქართველოს მომავლის შენებაში შეიტანოს წვლილი. ვულოცავ საქართველოს ხალხს, მათი ნება ურყევია.“
„ტვიტერზე“ განცხადება გამოაქვეყნა კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა. ის საქართველოს პარლამენტს ცვლილებების მიღებას ულოცავს და 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებისკენ მოუწოდებს.
„ვულოცავ საქართველოს პარლამენტს ცვლილებების საბოლოო მიღებას და ვაქებ მათ, ვინც მის მიღებაში მონაწილეობა მიიღო. მე ვაგრძელებ ყველა მხარისთვის იმის მოწოდებას, რომ ბოლომდე შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება და დიდი მადლობა [საქართველოში აშშ-ის] ელჩ [კელი] დეგნანს, დაუღალავი შრომისა და მნიშვნელოვანი როლის [შესრულებისთვის].“
Facebook Forum