თანამგზავრებიდან მიღებული კუბის ახალი გამოსახულებები აჩვენებს, რომ ქვეყანა ოთხ სამხედრო ბაზაზე, რომელსაც სავარაუდოდ ჩინეთთან აქვს კავშირი, გაუმჯობესებულ სადაზვერვო აღჭურვილობას ამონტაჟებს. ამან შესაძლოა პეკინს მისცეს ობიექტების ქსელი, რომლითაც შეერთებულ შტატებზე ჯაშუშობა შეეძლება.
გამოსახულებები, რომელიც ვაშინგტონში ბაზირებული ორგანიზაციის - "სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის" სამშაბათს წარმოდგენილ მოხსენებაში იყო ჩართული, მარტში და აპრილშია გადაღებული. ის აჩვენებს დედაქალაქ ჰავანის სიახლოვეს სამ ახალ, ან ცოტა ხნის წინ დასრულებულ მშენებლობას და ასევე მუშაობას მანამდე უცნობ ობიექტზე, რომელიც გუანტანამოს ყურეში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო საზღვაო ბაზასთან ახლოს მდებარეობს.
„საიდუმლო მასალებზე წვდომის გარეშე, ამ ობიექტების კონკრეტული სამიზნეების ზუსტად მინიშნება თითქმის შეუძლებელია“, ნათქვამია მოხსენებაში.
„ყველაფრის მიუხედავად, კოსმოსზე დასაკვირვებელი აღჭურვილობის მატება ისეთ ადგილებზე, როგორიც ბეჯუკალი და კალაბაზარია, შესამჩნევია იმის გათვალისწინებით, რომ კუბას საკუთარი თანამგზავრები ან კოსმოსური პროგრამა არ გააჩნია", - ამბობენ ორგანიზაციაში.
ასევე ნახეთ: ტაივანი ამბობს, რომ საჰაერო ავიაბაზასთან ჩინური ბუშტი შენიშნესკვლევითი ცენტრის თანახმად, ოთხი ობიექტიდან ყველაზე დიდი ბეჯუკალია, რომელიც ცნობილი პირველად 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის დროს გახდა, როდესაც ბაზა საბჭოთა კავშირის ბირთვული იარაღის შესანახად გამოიყენეს.
ბოლო დროს ის ცნობილი გახდა, როგორც სიგნალების სადაზვერვო მონიტორინგის დიდი სადგური, რომელიც ჩინეთისთვის მუშაობს.
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა კვლევითი ცენტრის მოხსენებაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, მაგრამ ამ მოხსენებას წინ უძღოდა გასულ წელს „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობა, რომ საჯაშუშო ობიექტის ასაშენებლად, ჩინეთი კუბას რამდენიმე მილიარდ დოლარს უხდიდა.
სამშაბათს ჩინეთმა ამერიკული კვლევითი ცენტრის ანგარიშში მოყვანილი დასკვნები უარყო. ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს პრესმდივანმა თქვა, რომ ესაა „არაფერი ცილისწამების გარდა“.
"საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრის" ანგარიში ამბობს, რომ კუბაში განლაგებულ სადამკვირვებლო სადგურებს შეუძლია დაეხმაროს ჩინეთს მიიღოს საჭირო საშუალებები და ცოდნა იმ დროს, როდესაც ის ცდილობს სამხედრო კუთხით ამერიკას გაუსწროს.