ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის რუსეთის სასამართლომ 19-წლიანი განაჩენის გასაჩივრებაზე უარი უთხრა. ცოტა ხნის წინ, ნავალნი რუსეთის სასამართლომ ექსტრემიზმში ცნო დამნაშავედ.
2023 წლის 4 აგვისტოს მოსკოვის სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი - 19 წელი, ნავალნიმ რუსეთის ყველაზე მკაცრი რეჟიმის საპატიმროში უნდა მოიხადოს. ნავალნი, მისი მომხრეები და პოლიტიკური თანამებრძოლები ამბობენ, რომ განაჩენი პოლიტიკურადაა მოტივირებული.
პირველი სააპელაციო მოსმენა მოსკოვში 26 სექტემბერს დახურულ კარს მიღმა გაიმართა. საჯარო მხოლოდ სხდომის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება გახდა. ნავალნი სხდომას ონლაინ რეჟიმში ესწრებოდა.
ოპოზიციონერის გუნდი სასამართლოს გადაწყვეტილებას პლატფორმა X-ზე (იგივე "ტვიტერზე") გამოეხმაურა და გააკრიტიკა. ისინი ამბობენ, რომ განაჩენი ნავალნის ვერ გააჩუმებს.
ასევე ნახეთ: ვაშინგტონმა ნავალნის მოწამვლის გამო 4 რუსი აგენტი დაასანქცირა"აბსოლუტურად კანონიერი პოლიტიკური ქმედებების საპასუხოდ მიღებული სამარცხვინო ვერდიქტის შემდეგ, მათ დახურეს მოსმენა. იმის მტკიცება, რომ სამარცხვინო განაჩენი სულაც არაა სამარცხვინო, დახურულ კარს მიღმა უფრო კომფორტულია", - ნათქვამია ნავალნის გუნდის განცხადებაში.
მისი წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ისინი მუშაობას არ შეწყვეტენ. "ჩვენ განვაგრძობთ იმ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელმაც იურისპრუდენცია ამად აქცია. ვაგრძელებთ ალექსეი ნავალნის პროექტებზე მუშაობას და გავაგრძელებთ მთელი მსოფლიოსთვის მათ შესახებ მოყოლას", - ამბობენ ოპოზიციონერის თანამებრძოლები.