კრემლი უკრაინის გამო, დასავლეთთან უშუალო დაპირისპირების საფრთხეზე საუბრობს

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების დამტკიცებიდან ორი დღის შემდეგ, კრემლმა ბირთვული დაპირისპირების რისკებზე მორიგი გაფრთხილება გაავრცელა.

რუსეთმა 22 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინისადმი შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო მხარდაჭერამ, მსოფლიო უდიდეს ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი შეტაკების ზღვრამდე მიიყვანა. კრემლის განცხადებით, ეს შესაძლოა კატასტროფით დასრულდეს.

საყოველთაოდ მიღებული აზრით, მსგავსი დაძაბულობა დასავლეთს და რუსეთს შორის, ცივი ომის დასრულების შემდეგ არ ყოფილა. ამ დონის გამწვავება ბოლოს 1962 წლის ე.წ. კუბის სარაკეტო კრიზისის დროს მოხდა. ევროპის კონტინენტს კი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მასშტაბის საომარი ქმედებები, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს.

ასევე ნახეთ: კონგრესმა უკრაინის დახმარების კანონპროექტი დაამტკიცა

დასავლეთის მიმართ გაფრთხილებაზე განცხადება ამჯერად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. სერგეი ლავროვის თქმით, შეერთებული შტატები და ნატო შეპყრობილები არიან რუსეთის "სტრატეგიული დამარცხების" იდეით.

„დასავლეთის წარმომადგენლები სახიფათოდ უახლოვდებიან ბირთვულ ძალებს შორის უშუალო სამხედრო შეტაკების ზღვარს, რაც თან კატასტროფულ შედეგებს მოიტანს“, - თქვა ლავროვმა მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ბირთვულ გაუვრცელებლობას მიეძღვნა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სწორედ დასავლური ბირთვული სახელმწიფოების სამეულია კიევის კრიმინალური რეჟიმის მთავარ სპონსორებს შორის, რომლებიც სხვადასხვა პროვოკაციული ნაბიჯის მთავარი ინიციატორები არიან. ამაში ჩვენ სერიოზულ სტრატეგიულ რისკებს ვხედავთ, რაც იწვევს რისკების ზრდას ბირთვული საფრთხის დონეზე“.

ბირთვული დაპირისპირების შესაძლებლობაზე ეს რუსეთის პირველი განცხადება არ არის. მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი მეზობელ სუვერენულ უკრაინაში შეიჭრა და იქ სრულიად გაუმართლებელი, სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, კრემლმა ამ საკითხზე გაფრთხილება არაერთხელ გაავრცელა.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები აღნიშნულ რისკებს სერიოზულად უდგება. თუმცა, ამერიკის ოფიციალური პირები იმასაც აღნიშნავენ, რომ რუსეთის ბირთვულ პოზიციებზე მათ ცვლილებები მთელი ამ ხნის მანძილზე არ შეუნიშნავთ.

Your browser doesn’t support HTML5

ტაუნსენდი: ნეიტრალური ქვეყნების ნაცვლად, ახლა რუსეთის ბირთვულ ფლოტს ნატო ესაზღვრება