რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ იაკუტიიდან უკრაინაში ბრძოლის ველზე ყოველკვირეულად 500 მებრძოლის გაგზავნა მოითხოვეს.
ალექსანდრ ავდონინმა, იაკუტიის სამხედრო კომისარმა სექტემბერში ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრისას თქვა, რომ რეგიონი ომისთვის ჯარისკაცების გაგზავნის მაჩვენებლით ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებდა. ავდონინის თქმით, იაკუტიამ რეკრუტირების გეგმა მხოლოდ ერთი მესამედით შასრულა. ამის შესახებ ცნობას "თავისუფალი იაკუტიის ფონდის" წარმომადგენლები ავრცელებენ. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ შეხვედრის აუდიო-ჩანაწერი მოიპოვა.
ასევე ნახეთ: "პოლიტკოვსკაიას მკვლელი უკრაინაში ბრძოლის შემდეგ შეიწყალეს" - RBCფონდის თანახმად, ავდონინმა ისიც თქვა, რომ რეგიონის 36 ოლქიდან, ყოველ კვირს 15 მცხოვრები მაინც უნდა გაიგზავნოს ომში. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონიდან ყოველ კვირა 540-მდე მებრძოლი უნდა გაიგზავნოს.
იაკუტიაში რუსები ეთნიკურ უმრავლესობას არ წარმოადგენენ. უფლებადამცველი ორგანიზაციები ამბობენ, რომ ომში გაგზავნილი ჯარის რიგების შესავსებად ეთნიკური უმცირესობები ყველაზე მეტად იჩაგრებიან. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები რუსეთში ყველაზე ღარიბი რეგიონებია, ამიტომ ხშირად თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტი შესაძლოა მათთვის ხელფასის გამოც გახდეს მომხიბვლელი.
ჩანაწერის თანახმად, ავდონინი აღიარებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ბევრი რუსი იღუპება, მაგრამ ამბობს, რომ ადგილობრივი ოფიციალური პირები შეიძლება დაისაჯონ თუკი რეკრუტთა რიცხვს არ გაზრდიან. კომისარი იქვე აღნიშნავს, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედები თავდაცვის სამინისტროსთან ერთად რეგიონულ რეკრუტირებას ყურადღებით აკვირდება.
"ჩვენ სერიოზულად ვიმუშავებთ, გავგზავნით ჩვენს ხალხს. რადგან არაფერი დამთავრებულა. ხალხი ამბობს, რომ უკრაინელთა კონტრიერიში გაჩერდა, თითქოს უფრო ადვილი გახდა ფრონტზე მდგომარეობა, მაგრამ არაფერია უფრო მარტივი. სანგრებში ბიჭები ყოველდღიურად იღუპებიან", - ამბობს ავდონინი შეხვედრაზე "თავისუფალი იაკუტიის ფონდის" თანახმად.
იაკუტია უკრაინაში ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 5 000 კმ-ითაა დაშორებული. თითქმის ორჯერ იმაზე მეტად, ვიდრე - დიდი ბრიტანეთი.