უკვე მეორე დღეა უკრაინაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთიდან MIG-31K-ის ტიპის თვითმფრინავები აფრინდნენ, ქვეყნის მასშტაბით განგაში გამოცხადდა.
"ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, MIG-31K-ები სავასლეიკის ბაზიდან აფრინდნენ", - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ გაფრთხილებაში, რომელიც მოსახლეობას გააცნეს და თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს. სავასლეიკა უკრაინის საზღვრიდან 1,000 კილომეტრში მდებარეობს.
რუსეთი აცხადებს, რომ მისმა სამხედროებმა 8 სარაკეტო, 49 ზალპური და 59 საჰაერო შეტევა განახორციელეს უკრაინაზე. რუსული მხარის თქმით, შეტევა მიმდინარეობდა როგორც სამხედრო, ისე - სამოქალაქო პოზიციებზე.
15 ნოემბერს, ღამით, რუსული ძალების დარტყმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ სელიდოვეში, დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონში. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსულმა ჯარებმა S-300 ტიპის საზენიტო სისტემა ქალაქში ოთხი რაკეტის გასაშვებად გამოიყენეს. რუსებმა რაკეტით ოთხსართულიან კორპუსს დაარტყეს, რის შედეგადაც, დაიღუპა 85 წლის ქალი, რომლის ცხედარიც დანგრეული შენობის ნანგრევებში იპოვეს.
ინფორმაცია ვრცელდება დაშავებულების შესახებაც. უკრაინის პროკურატურაში ამბობენ, რომ თავდასხმის შედეგად, 82 წლის ქალი და 56 წლის მამაკაცი დაიჭრნენ. დაჭრილია 50 წლის ქალიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მსხვერპლი იყო სამხრეთში, ზაპორიჟიაშიც. დასახლებულ რაიონში 15 ნოემბერს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსული სამი სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა და შვიდი ადამიანი დაიჭრა. ინფორმაცია ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა იური მალაშკომ გაავრცელა.
პარალელურად, უკრაინის ხერსონის ოლქის რუსეთის მიერ კონტროლირებადი ნაწილის ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ სალდომ 15 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინული ძალების "მცირე" რაოდენობა განლაგდა მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე სოფელ კრინკიში.
სალდო ამტკიცებს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ამოხოცეს და რომ მათი "სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა" 2 დღეა. 14 ოქტომბერს კი ანდრი ერმაკმა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა თქვა, რომ უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე "ფეხი მოიკიდეს". ვერც სალდოს და ვერც ერმაკის მიერ გავრცელებული ინფრომაციის დამოუკიდებლად გადამოწმების საშუალება ჟურნალისტებს არ ჰქონიათ.