რუსეთი აცხადებს, რომ დასავლეთ კურსკში ორი სოფელი დაიბრუნა

რუსეთმა ორშაბათს, 16 სექტემბერს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა დასავლეთ კურსკის რეგიონში მდებარე ორ სოფელზე, რომელსაც აქამდე უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ, კონტროლი აღადგინა. მოსკოვის თქმით, ეს მნიშვნელოვანი კონტრშეტევითი ოპერაციაა.

რუსული ძალები უკრაინულ ჯარს კურსკის რეგიონში 6 აგვისტოდან ებრძვის. მაშინ კიევმა რუსეთის მიწაზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უცხო ქვეყნის მიერ ყველაზე დიდი თავდასხმა განახორციელა.

საინფორმაციო სააგენტო "როიტერმა" ვერ გადაამოწმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უსპენოვკასა და ბორკის დასახლებებზე კონტროლი დაიბრუნეს. ისინი ერთმანეთისგან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებითაა განლაგებული და უკრაინის სუმის რეგიონის საზღვარზე მდებარეობენ.

ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა და კრემლის ომის მომხრე რამდენიმე ბლოგერმა, გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთმა რეგიონის დაახლოებით 10 დასახლებაზე დაიბრუნა კონტროლი, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არაა.

ასევე ნახეთ: ბრიტანეთის პრემიერი ჯო ბაიდენს ხვდება - უკრაინა და შორი რადიუსის იერიშები განხილვის მთავარი თემაა

უკრაინა აცხადებს, რომ მისი ძალები კურსკში მდებარე 100-მდე სოფელს აკონტროლებს, რაც 1,300 კვ/კმ-ზე მეტ ფართობზეა გადაჭიმული. რუსული წყაროები ამას არ ადასტურებენ.

იმავდროულად, რუსული ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში აგრძელებს წინსვლას პოკროვსკისკენ. ეს კიევის ჯარების მთავარი სარკინიგზო და ლოგისტიკური ცენტრია. მასზე კონტროლი დამყარება, რუსეთს, თავის მიზანთან - დონეცკის რეგიონის მთლიანად ხელში ჩაგდებასთან დაახლოებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პარასკევს, 14 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინის კურსკში შეჭრამ შეანელა რუსული ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში. მაგრამ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ კურსკის თავდასხმა აღმოსავლეთის ფრონტზე კიევს ყურადღებას უფანტავს და მას უკრაინის ფრონტის ხაზზე ასუსტებს.

ამ ფონზე, რუსეთმა და უკრაინამ, შაბათ-კვირას პატიმრები ორჯერ გაცვალა, რომელშიც ასობით ტყვე იყო ჩართული.

პარალელურად, რუსეთი აგრძელებს უკრაინაზე საჰაერო თავდასხმას. კიევის რეგიონზე საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაშავებულია ერთი ადამიანი და დაზიანებულია ხუთი საცხოვრებელი სახლი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

ასევე ნახეთ: ზელენსკი ამბობს, რომ კიევი კურსკში რუსულ კონტრიერიშს ელოდა

გუბერნატორმა რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ დედაქალაქის მიმდებარე რეგიონში, კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.

"ტელეგრამით" გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა, საერთო ჯამში, უკრაინის ცენტრალურ, ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებზე თავდასხმის დროს, 56 რუსული დრონიდან 53 ჩამოაგდო.

გარდა ამისა, უკრაინის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა თითქმის 20 დრონი გაანადგურა, რომლებიც კიევისკენ მიემართებოდნენ.

„რუსული დრონები კიევისკენ მიემართებოდა სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა დაჯგუფებით“, - ნათქვამია კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერხი პოპკოს მიერ გამოქვეყნებულ "ტელეგრამ" შეტყობინებაში. მისივე ინფორმაცით, კიევში მსხვერპლი ან რაიმე ტიპის დაზიანება არ დაფიქსირებულა.