13 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმეტი ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდებიან. ბოლო პერიოდში გააქტიურებულია მსჯელობა იმ თემაზე, რომ უკრაინას ამერიკული და ბრიტანული იარაღით რუსეთის სიღრმეში თავდასხმებზე დაწესებული შეზღუდვები შეუმსუბუქდეს.
ამ მოლაპარაკებების პარალელურად, არსებობს იმის ნიშნები, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა აქამდე არსებული პოლიტიკის შეცვლა გადაწყვიტოს. რუსეთის პრეზიდენტი კი იმეორებს, რომ უკრაინის მიერ შორი რადიუსის იარაღის გამოყენება ნატოს მოსკოვთან ომში პირდაპირი ჩართვა იქნება.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რუსეთის სიღრმეში დასავლური იარაღით იერიშების მიტანის უფლებისა და შესაძლებლობის მიღება, ამ კვირაში ამერიკელი და ბრიტანელი პირველი დიპლომატების კიევში ვიზიტის უმთავრესი განსახილველი თემა იყო. ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ჯო ბაიდენი და კირ სტარმერი ამას აუცილებლად განიხილავენ, ამერიკას კი, მისი თქმით, პოლიტიკაში ამ დრომდეც შეუტანია ცვლილებები და მომავალშიც ისეთ "ცვლილებებს შეიტანს, რაც საჭირო იქნება".
ენტონი ბლინკენი დაახლოებით მსგავს განცხადებებს აკეთებდა მაისშიც, მანამ, სანამ ამერიკამ უკრაინას ხარკივის ირგვლივ თავის დასაცავად რუსეთისთვის ამერიკული იარაღიდან საპასუხო ცეცხლის გახსნის უფლება მისცა. მაშინაც, ეს კონკრეტული ტერიტორიის დაცვას შეეხებოდა. ენტონი ბლინკენის გარდა, გარკვეული მინიშნებები გააკეთა პრეზიდენტმა ბაიდენმაც, როდესაც მას ამ თემაზე ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, პრეზიდენტმა თქვა, რომ "ამ თემას ახლა ამუშავებენ".
მართალია, ვარაუდობენ, რომ ეს საკითხი მოკავშირე ქვეყნების პრეზიდენტისა და პრემიერის განხილვის მთავარი საგანი იქნება, მაგრამ ზოგიერთი წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით, ლიდერები დღეს ამ თემაზე პოლიტიკის ცვლილების თაობაზე განცხადებას არ გააკეთებენ.