ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერები ოთხშაბათს გერმანიაში შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ "ამბიციური ხელშეკრულების" თაობაზე იმუშავებენ. ეს ხელშეკრულება სხვადასხვა საკითხს მოიცავს, მათ შორის თავდაცვასა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ თემებს და ევროკავშირთან ბრიტანეთის ურთიერთობის განახლების ნაწილი იქნება.
პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს ხვდება და ცდილობს ევროპელ მოკავშირეებთან წინა, კონსერვატორთა მთავრობის ურთიერთობების გაუმჯობესებას. სტამერმა პრემიერის პოსტი გასულ თვეში დაიკავა და ამბობს, რომ ბრიტანეთის ეკონომიკური გაძლიერების უმთავრესი ნაწილი სწორედ გაუმჯობესებული კავშირები უნდა გახდეს.
სტარმერი ამბობს, რომ თანამშრომლობის შესახებ ახალი ხელშეკრულება იქნება ისეთი შანსი, რომელიც ქვეყანაში ამა თუ იმ თაობას მხოლოდ ერთხელ ეძლევა და რომელსაც ბრიტანეთსა და გერმანიაში დასაქმებული, მშრომელი ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა შეუძლია. ეს კი ვაჭრობის კუთხით ურთიერთობის გაღრმავებასთან ერთად. მეცნიერების, ტექნოლოგიის, ბიზნესისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებითაც უნდა მოხდეს.
სტარმერმა კანცლერ შოლცთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას თქვა, რომ ურთიერთობების განახლება არ გულისხმობს ბრიტანეთის მიერ 2020 წელს ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილების გადახედვას, ან ბლოკში დაბრუნებას, მაგრამ ეს ნიშნავს "უფრო ახლო ურთიერთობას სხვადასხვა ფრონტზე, მათ შორის ეკონომიკის, თავდაცვისა და ურთიერთგაცვლის" კუთხით.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი ყოველთვის განუყოფელი ნაწილი იყო იმ დიდი პრობლემების მოგვარების საკითხში, რაც მთელ ევროპას" აწუხებს და ეს არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც მან ევროკავშირი დატოვა.
ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთი და გერმანია თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაზე იმუშავებენ. მთავრობებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასთან ერთად, ცალკე იმუშავებენ თავდაცვის მინისტრებიც იმისთვის, რომ თავდაცვის თაობაზე ახალი ხელშეკრულება შეიმუშაონ. ეს ივლისში ხელმოწერილი თავდაცვის დეკლარაციის გაგრძელება იქნება. ბრიტანეთი და გერმანია დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის თავდაცვაზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ.