გამომძიებელი ჟურნალისტი ანდრეი სოლდატოვი ამბობს, რომ მასზე რუსეთის ფედერაციამ ძებნა გამოაცხადა. სოლდატოვი ძირითადად რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მუშაობით არის დაინტერესებული და მის სახელს არაერთი სკანდალური გამოძიება უკავშირდება.
ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ კრემლმა მისი საბანკო ანგარიშები გაყინა და ის ძებნილთა სიაში ჩასვა. „ჩემი ანგარიშები რუსულ ბანკებში გაყინულია, გარდა ამისა ვარ ძებნილთა სიაში,“- დაწერა „ტვიტერზე“ სოლდატოვმა, რომელიც დამფუძნებელია გვერდის „აგენტურა.რუ“.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე არ იყო ნათქვამი, თუ რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. სამინისტრო აცხადებს, რომ ჟურნალისტმა პოლიციელთა ზარებს არ უპასუხა.
ასევე ნახეთ: კრემლი ამერიკელი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების გაუქმებაზე ფიქრობსთავად ჟურნალისტი კი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება რუს სამხედროებზე „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელების კუთხით მიმდინარეობს. „ვაზუსტებ დეტალებს“- წერს სოლდატოვი.
მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს კრემლმა უკრაინაში ომი დაიწყო, რუსეთში ახალი კანონი მიიღეს. ის 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს იმ პირებისთვის, რომლებიც უკრაინაში არსებულ ვითარებაზე სამთავრობო პოზიციისგან განსხვავებულ ინფორმაციას გაავრცელებენ. მოსკოვი კვლავ იმეორებს, რომ უკრაინაში რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" მიმდინარეობს და ჟურნალისტებს სიტყვა "ომის" გამოყენება ისევ ეკრძალებათ.
ასევე ნახეთ: მოლდოვა რუსეთიდან ახალი ამბების ტრანსლირებას კრძალავს