ორშაბათს, მოსკოვმა განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ კიევისთვის უფრო შორსმსროლელი იარაღის მიწოდება, რუსეთს უბიძგებს რომ უკრაინული ძალები თავისი საზღვრიდან უფრო მეტად უკან დახიოს, რაც უკრაინისთვის ტერიტორიის დაკარგვის პოტენციალს ზრდის.
შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ან ნატოს ძალების უკრაინაში გაგზავნა გამორიცხა, მაგრამ ვაშინგტონი და ლონდონი ადრე მიწოდებულ იარაღთან შედარებით, ზუსტი და უფრო შორსმსროლელი სარაკეტო სისტემების მიწოდებაზე დათანხმდნენ.
ვაშინგტონი უკრაინას აწვდის M142 მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS) და ბრიტანეთი მიაწვდის M270 ზალპური ცეცხლის სისტემებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: „რაც უფრო შორსმსროლელი სისტემები იქნება მიწოდებული, ნაცისტებს უფრო უკან დავახევინებთ იმ ხაზიდან, რომელიც შეიძლება დაემუქროს რუსულენოვან მოსახლეობას და რუსეთის ფედერაციას“.
უკრაინაში შეჭრის დღიდან, რომელსაც მოსკოვი დღემდე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მიზანი უკრაინის „ნაცისტებისგან“ გაწმენდაა.
ვლადიმირ პუტინმა კვირის ეთერში გაშვებული ინტერვიუს დროს გაფრთხილება გამოთქვა, რომ თუ დასავლეთი უკრაინას უფრო შორსმსროლელ, მაღალი სიზუსტის მობილურ სარაკეტო სისტემებს მიაწვდის, რუსეთი ახალ სამიზნეებს დაარტყამს.
სარაკეტო სისტემების მოქმედების რადიუსი, ჭურვების ტიპზეა დამოკიდებული. HIMARS სისტემების მოქმედების მაქსიმალური რადიუსი 300 კილომეტრი ან უფრო მეტია, მაგრამ აშშ-ის მიერ მიწოდებულ ჭურვებს მოქმედების მხოლოდ 64-კილომეტრიანი რადიუსი გააჩნია, რაც ადრე მიწოდებული ჰაუბიცების მოქმედების რადიუსს ორჯერ აღემატება.