ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და უკრაინა ახალი შეიარაღების გამო ესკალაციის საფრთხეზე მსჯელობენ


დიპლომატიური წრეების ოფიციალურმა პირებმა სააგენტო „როიტერს“ უთხრეს, რომ იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები უკრაინას სულ უფრო დახვეწილ იარაღს აწვდიან, ვაშინგტონმა კიევთან იმსჯელა ესკალაცის საშიშროებაზე, იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებს.

სამმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა და დიპლომატიურმა წყარომ თქვეს, რომ კულისებს მიღმა დისკუსია, რომელიც უაღრესად მგრძნობიარეა და ადრე მის შესახებ ცნობები არ გამოქვეყნებულა, უკრაინული ძალებისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენების გეოგრაფიაზე პირდაპირ შეზღუდვას არ აწესებს, მაგრამ საუბრები ესკალაციის რისკის შესახებ საერთო გაგების მისაღწევად მიმდინარეობდა.

სამი ოფიციალური პირიდან ერთ-ერთმა ანონიმურობის დაცვის პირობით თქვა: „გვაშფოთებს ესკალაცია, თუმცა ამის მიუხედავად, არ გვსურს დავაწესოთ გეოგრაფიული შეზღუდვები ან აღჭურვილობის მიცემასთან ერთად [კიევს] ხელები ზედმეტად შევუბოჭოთ“.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას და მოკავშირეებს სულ უფრო მეტად სურდათ უკრაინისთვის მოქმედების უფრო შორი რადიუსის მქონე იარაღი მიეწოდებინათ, მათ შორის M777 ჰაუბიცები. გასულ კვირაში პენტაგონმა გამოაცხადა, რომ დანია უკრაინას ხომალდების საწინააღმდეგო Harpoon-ის ტიპის რაკეტებს მიაწვდის, რაც კიევის წვდომას კიდევ უფრო გაზრდის.

თავდაპირველი პროგნოზების შემდეგ, რომ რუსეთის ბევრად უფრო დიდი სამხედრო ძალა უკრაინას დაამარცხებდა, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ცოტა ხნის წინ გააჟღერეს იმედები, რომ უკრაინის ძალებს ომის მოგება შეუძლიათ და ამისთვის მათი შეიარაღება სურთ.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კიევისთვის M142, მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემის (HIMARS) მიწოდებაზეც კი ფიქრობს, რომელსაც გარკვეული ჭურვების გამოყენებით, ასობით კილომეტრი მოქმედების რადიუსი აქვს.

თუმცა, შეერთებული შტატების დაზვერვამ, მზარდი რისკების შესახებ გაფრთხილებაც გამოთქვა. განსაკუთრებით - იმ აცდენის გათვალისწინებით, რომელიც პუტინის აშკარა ამბიციებსა და მის სამხედრო შესაძლებლობებს შორის არსებობს. მიმდინარე თვეში, სენატში გამართულ მოსმენაზე, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა თქვა, რომ მომავალ თვეებს შეუძლია ომი „უფრო არაპროგნოზირებად და პოტენციურად ესკალაციის ტრაექტორიაზე“ გაიყვანოს.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ შეერთებული შტატები რუსულ ძალებს პირდაპირ არ ებრძვის, მაგრამ პენტაგონის მეთაურები უკრაინის ლიდერებთან მუდმივ კონტაქტში არიან და მათ მიაწოდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაცია, რომელმაც უკრაინას საშუალება მისცა, ხმელეთზე და ზღვაში რუსული ჯარები სამიზნედ ამოეღო.

მეორე ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ასევე ანონიმურობის პირობით ისაუბრა, თქვა, რომ ვაშინგტონი და კიევი დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის გარკვეული სისტემების გამოყენების შესახებ „გაგებას“ იზიარებენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სააგენტო "როიტერის" მხრიდან კომენტარის თხოვნაზე პასუხი ჯერ არ გაუცია.

რუსეთის საგარეო საქმეთასამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ შენიშვნებში, მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ უკრაინისთვის ისეთი იარაღის მიწოდება, რომელსაც რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა შეუძლია, „მიუღებელი ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი“ შეიძლება გახდეს.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ უკრაინას ქვეყნის შიგნით უამრავი გასანადგურებელი სამიზნე აქვს და დასავლელი მოკავშირეებისგან მოქმედების შორი რადიუსის შეიარაღების მიღების მიზანი სწორედ ეს იყო.

ნატოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი დუგლას ლუტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ უკრაინაში ბევრი რუსული სამიზნეა, მაგრამ აღიარებს, რომ არსებობს ესკალაციის და ნატოს შიგნით პოლიტიკური დაყოფის რისკი იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დაარტყამს.

„ეს ალიანსის შიგნით დამყოფ დებატებს გამოიწვევს და რა თქმა უნდა, ალიანსს ეს არ სურს. ეს არც უკრაინას სურს“, უთხრა ლუტმა „როიტერს“.

XS
SM
MD
LG