ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ამერიკელი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების გაუქმებაზე ფიქრობს


სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, კრემლი ამერიკელი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების ჩამორთმევას გეგმავს. საინფორმაციო სააგენტო ცნობას სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და მასში ნათქვამია, რომ „თუ ამერიკაში რუსი ჟურნალისტებისადმი და მედიისადმი დამოკიდებულება არ გაუმჯობესდა, ამერიკელ ჟურნალისტებს აკრედიტაციის ჩამორთმევის საფრთხე ემუქრებათ“.

"როიტერის" ინფორმაციას ისიც ამყარებს, რომ გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა თქვა, რომ ამერიკაში რუსი ჟურნლისტებისთვის დაწესებული „მკაცრი ზომების“ შესახებ ინფორმაციას აწვდიდა ამერიკულ გამოცემებს, რომლებსაც ის თავად ურეკავდა.

მარია ზახაროვამ რუსი ჟურნალისტების მიმართ შევიწროვებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს სხვა საკითხებთან ერთად, უკავშირდებოდა ვიზის განახლებას, საბანკო ანგარიშების დაბლოკვას და ამერიკის სადაზვერვო სამსახურების მიერ სავარაუდო შევიწროვების სავარაუდო ფაქტებს.

არასაჯარო შეხვედრაზე, რომელიც მოსკოვში დღეს გაიმართა, „როიტერის“ წყაროს ინფორმაციით, ზახაროვამ გააფრთხილა დასავლური მედიასაშუალების წარმომადგენლები, რომ თუ რუსი ჟურნალისტები ვერ შეძლებენ თავისუფლად იმუშაონ შეერთებულ შტატებში, მათი რეპორტიორები რუსეთში ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდებიან. საუბარია ვიზების გაგრძელებაზე, აკრედიტაციებსა და საბანკო მომსახურებაზე.

სააგენტო „როიტერის“ სამი წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ზახაროვამ თქვა, რომ კრემლს ამერიკიდან ჟურნალისტების გამოყვანა არ სურს, თუმცა თუ ეს საჭირო იქნება და ვითარება არ შეიცვლება, ისინი ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებდნენ.

ზახაროვამ საჯაროდ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. კომენტარზე უარი თქვეს დასავლური მედიასაშუალებების წარმომადგენლებმაც.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, შეხვედრას ზახაროვასთან ამერიკული მედიასაშუალებების „უოლ სტრიტ ჯორნალის“, „სი-ენ-ენის“ , „ასოშეითედ პრესის“ და „ენ-პი-არის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსული მაუწყებლების წინააღმდეგ ზომების შემოღება მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. 24 თებერვლიდან დღემდე ამერიკამ და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა რუსულ მაუწყებლებს ლიცენზიები გაუუქმეს, ზოგიერთ ქვეყანაში მათი მუშაობა აიკრძალა კიდეც.

ვაშინგტონმა რუსული მედიასაშუალებების წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რათა შეეჩერებინა დეზინფორმაციის გავრცელება. რუსული მედია უკრაინაში რუსეთის ომს კვლავ „სპეცოპერაციად“ მოიხსენიებს.

კრემლმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მედიის კონტროლის მიზნით კანონი შემოიღო, რომლის დარღვევაც 15 წლამდე პარიმტობით ისჯება. მაგალითად, თუ საინფორმაციო სააგენტო, ტელევიზია ან რომელიმე ჟურნალისტი კრემლის პოზიციას არ გაიზიარებს, რომ უკრაინაში „სპეცოპერაცია“ მიმდინარეობს და არა ომი, მათ შეუძლიათ არხი, რადიო ან სააგენტო დახურონ, ხოლო „არასწორი ინფორმაციის“ გავრცელებაზე პასუხისმგებელი პირი დააკავონ.

მიღებული კანონის გამო რუსეთში არაერთი მედიასაშუალება დაიხურა, მათ შორის „ნოვაია გაზეტა“, ტელეკომპანია „დოჟდი“ და „ეხო მასკვი“. იქ მომუშავე ჟურნალისტების ნაწილს ქვეყნის დატოვება მოუწია.

რუსეთმა ქვეყანაში დაბლოკა დასავლური მედიასაშუალებებიც, მათ შორის „ამერიკის ხმა“, „რადიო თავისუფლება“ და „სი-ენ-ენი“. მედიაზე მზარდი ზეწოლისა და შემოღებული კანონის გამო, რუსეთში მუშაობაზე დასავლური მედიაორგანიზაციების დიდმა ნაწილმა უარი თქვა და მათმა წარმომადგენლებმა რუსეთი დატოვეს. სააგენტო „როიტერი“ მოსკოვში მუშაობას აგრძელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG