დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს დღეს საღამოს უნდობლობის გამოცხადება ემუქრება. შესაძლოა მას თანამდებობის დატოვება მოუწიოს. ამ დრომდე ჯონსონი არაერთხელ დადგა ამ საშიშროების წინაშე, სკანდალების მთელი სერიიდან გამომდინარე.
ცოტა ხნის წინ, ჯონსონის და მისი გუნდის წინააღმდეგ გამოძიება ჩატარდა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ პრემიერი მის გუნდთან ერთად, წვეულებებს მასპინძლობდა "დაუნინგ სტრიტ 10"-ის რეზიდენციაში, კოვიდ-19-ის ლოქდაუნის პირობებში.
მიმომხილველთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ჯონსონი მოახერხებს ხელისუფლების შენარჩუნებას. თუ ჯონსონი მხოლოდ მცირე უპირატესობით მოახერხებს პოსტზე დარჩენას, ეს მომავალში მას სირთულეებს შეუქმნის.
კონსერვატიული პარტიის წევრმა გრემ ბრეიდიმ ორშაბათს განაცხადა, რომ მან 54 კონსერვატორი კანონმდებლისგან მიიღო წერილები, უნდობლობის გამოცხადების პროცედურის გამართვის მოთხოვნით. ეს საკმარისია იმისთვის, რომ პარტიის წესდებით, მსგავსი კენჭისყრა გაიმართოს. კენჭისყრა დღეს საღამოს თემთა პალატაში გაიმართება. თანამდებობაზე დასარჩენად ჯონსონს უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება, 359 კონსერვატორი პარლამენტარის მხრიდან. ჯონსონის ოფისმა განაცხადა, რომ პრემიერი მოხარულია, რადგან ეს „შანსია რამდენიმეთვიანი სპეკულაციები დასრულდეს“.
გამოძიებამ, რომელიც ლოკდაუნის წესების დარღვევას უკავშირდებოდა, დაადგინა, რომ პრემიერის ოფისმა რამდენიმე წვეულება გამართა, სადაც ალკოჰოლით მასპინძლობდნენ და ეს მაშინ, როცა დანარჩენი დიდი ბრიტანეთი კოვიდ-19-ის გამო სახლში იყო ჩაკეტილი და არ ქონდათ სოციალიზაციის თუ მათი მომაკვდავი ნათესავების მონახულების უფლება. ჯონსონი პოლიციამ 50 ფუნტით (63$) დააჯარიმა, რითაც ის პირველი პრემიერი გახდა, რომელიც კანონდარღვევაში იქნა შემჩნეული თანამდებობაზე ყოფნისას.
ჯონსონმა განაცხადა, რომ ის იღებდა „სრულ პასუხისმგებლობას“, თუმცა აღნიშნა, რომ არ აპირებდა თანამდებობიდან გადადგომას.