რუსეთმა არ უნდა დახუროს ამერიკის საელჩო მოსკოვში, მიუხედავად იმ დაპირისპირებებისა, რაც ახლა ორ ქვეყანას შორის, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით არსებობს, ამბობს რუსეთში ამერიკის ელჩი. დიპლომატის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორმა ატომურმა სახელმწიფომ დიალოგის რეჟიმში განაგრძოს საუბარი.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრა შეაფასა, როგორც გარდამტეხი მომენტი რუსეთის ისტორიაში: აჯანყება შეერთებული შტატების ჰეგემონიის წინააღმდეგ, რომელიც პუტინის თქმით, ამცირებდა რუსეთს 1991 წლის, ანუ საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ.
ჯონ ჯეი სალივანმა, დიპლომატმა, რომელიც რუსეთში ელჩად, ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დანიშნა, განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვაშინგტონმა და მოსკოვმა არ გაწყვიტონ დიპლომატიური კავშირი.
”ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთმანეთთან საუბრის უნარი”, - განუცხადა სალივანმა ინტერვიუში რუსულ სააგენტო "ტასს"
მისი განცხადება "ტასმა" რუსულად გაავრცელა, ხოლო ინგლისურად თარგმნა სააგენტო "როიტერმა".
მიუხედავად ჯაშუშების სკანდალის, ომების, სამხედრო დახმარების, თუ ატომური იარაღის შესახებ არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, ამერიკასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არასდროს გაწვეტილა.
დიპლომატიის ენაზე საუბარი მოსკოვმა და ვაშინგტონმა ჯერ კიდევ 1933 წელს დაიწყეს, როდესაც რუსეთი საბჭოთა კავშირის ცენტრალური მმართველი ქვეყანა იყო.