7 ნოემბერს, რუსეთმა ოფიციალურად დატოვა ევროპის უსაფრთხოების შეთანხმება, რომელიც ცივი ომის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად ითვლებოდა და ტრადიციული შეიარაღების წამყვან კატეგორიებს ზღუდავდა. კრემლი პაქტის დატოვების მიზეზად შეერთებული შტატების ქმედებას ასახელებს და ამბობს, რომ ევროპაში ნატოს გაფართოებით, ვაშინგტონი ძირს უთხრის ცივი ომის შემდგომ უსაფრთხოებას მთელ კონტინენტზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ მოსკოვი შუაღამისას, ოფიციალურად გავიდა პაქტიდან და რომ ხელშეკრულება "ისტორიის კუთვნილებად იქცა". საგარეო უწყების განცხადებით, აღნიშნული "ხელშეკრულება დაიდო ცივი ომის ბოლოს, როდესაც შესაძლებელი ჩანდა თანამშრომლობაზე დაფუძნებული გლობალური და ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბება და გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები“.
ასევე ნახეთ: კრემლი ამბობს, რომ იარაღის კონტროლის სფეროში „ვაკუუმი“ ჩნდება
მოსკოვმა იქვე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სწრაფვამ ნატოს გაფართოებისკენ გამოიწვია ის, რომ ალიანსის ქვეყნებმა „ღიად აუარეს გვერდი“ ხელშეკრულების შეზღუდვებს. რუსეთი თვლის, რომ ფინეთის მიღება ნატოში და ალიანსში შვედეთის წევრობის განაცხადი ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულება მოკვდა. ამას გარდა, კრემლი ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ 1999 წელს, ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესი ისედაც არ დაასრულეს.
რეალურად, ნატოს გაფართოება ფინეთისა და შვედეთის მიღებით, რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრას მოჰყვა. რუსეთის სამეზობლოში ქვეყანების უმეტესობამ დაიწყო ფიქრი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, მოსკოვისგან თავის დაცვის მიზნით და უსაფრთხოების მეტი გარანტიების საჭიროება გაჩნდა.
რაც შეეხება ხელშეკრულების რატიფიკაციას, შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორებმა განახლებული შეთანხმების დამტკიცებისგან თავი იმ მიზეზით შეიკავეს, რომ რუსეთი არ ასრულებდა საქართველოს და მოლდოვის მიმართ დადებულ პირობებს.
ნატომ დაგმო კრემლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და თქვა, რომ ეს ძირს უთხრის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ ჯერ კიდევ ივნისში გაკეთებული განცხადების მიხედვით, „რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თავის წილ ვალდებულებებს“. ამას გარდა, ალიანსი თვლის, რომ თავისთავად, „რუსეთის აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ბელარუსის თანამონაწილეობა ხელშეკრულების მიზნებთან წინააღმდეგობაში მოდის“.
ევროპაში ტრადიციული შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებას (CFE) ხელი ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, 1990 წელს მოეწერა. ის როგორც რუსეთს, ისე ნატოს წევრ ქვეყნებს, იმ დროისთვის კი - ვარშავის პაქტის მონაწილეებს - ევროპის კონტინენტზე შეიარაღების განთავსებაზე ლიმიტებს უწესებდა.
ხელშეკრულება იმ მიზნით შეიქმნა, რომ ცივი ომის შემდეგ, ორივე მხარეს აღარ დაეშვა ევროპაში ერთმანეთის წინააღმდეგ შეიარაღების გაზრდა და დაგროვება. პრევენციული ზომა მიზნად ისახავდა კონფრონტაციის შემთხვევაში, სწრაფი იერიშის შესაძლებლობის თავიდან აცილებას. ხელშეკრულება მოსკოვში იმთავითვე არაპოპულარული იყო, რადგან ამცირებდა ყოფილი საბჭოთა კავშირის უპირატესობას, რომელიც მას მაშინ ტრადიციულ შეიარაღებაში გააჩნდა.
რუსეთმა შეთანხმებაში მონაწილეობისგან თავის შეკავება 2007 წელს დაიწყო და აქტიური მონაწილეობა 2015 წელს შეაჩერა. 2023 წლის მაისში, უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც დაგმო პაქტი.