შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მაღალი დონის მოლაპარაკებები ორი ქვეყნის დიპლომატების შეხვედრით ჟენევაში დაიწყო.
მიმდინარე კვირაში, შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები, მოსკოვთან მაღალი დონის მოლაპარაკებების სერიას გამართავს. შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ როგორც კრემლის მოთხოვნებს, ნატოს გაფართოების და ოპერაციების შეზღუდვების შესახებ, ასევე დასავლეთის შეშფოთების მიზეზებს. კერძოდ კი იმას, რომ ამერიკული დაზვერვის გათვლით, რუსეთი შესაძლოა უკრაინაში კიდევ ერთი შეჭრისთვის ემზადებოდეს.
მოლაპარაკებების მონაწილე თითოეული მხარისთვის ფსონები მაღალია. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შეხვედრების შედეგებმა და იმან, თუ როგორ შეაფასებს ამ შედეგებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, უკრაინის, ნატოსა და ევროპული უსაფრთხოების მომავალზე შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს.
მოლაპარაკებები სამ ცალკეულ სერიას მოიცავს და ფონად გასდევს დასავლეთსა და რუსეთს შორის, ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დასული ურთიერთობები. რუსეთი სულ უფრო მეტად იყენებს სამხედრო ძალას და ენერგეტიკულ ბერკეტებს, რათა დაიბრუნოს გარკვეული გეოპოლიტიკური გავლენა, რომელიც 30 წლის წინ, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაკარგა.
რუსეთის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს კრემლი უსაფრთხოების გარანტიებს უწოდებს. ანალიტიკოსთა ნაწილი კი ამ წინადადებებს, გავლენის სფეროების აღიარებაზე აგრესიულ პრეტენზიებს უწოდებს.
რუსეთს, უკრაინის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ საზღვრებზე, ასევე ყირიმში, საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი, დაახლოებით, 100 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. მოსკოვმა ყირიმის ანექსია 2014 წელს განახორციელა, ასევე მხარს უჭერს სეპარატისტებს დონბასში, სადაც შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, 2014 წლიდან, 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
კიევის მცდელობა თავი დააღწიოს რუსეთის ორბიტას, თავიდან აირიდოს რუსული აგრესია და მომავალში, პოტენციურად შეუერთდეს ნატოს - ეს არის საკითხები, რაც ანალიტიკოსთა ნაწილის მოსაზრებით, მოლაპარაკებების ცენტრში იქნება. ყოველ შემთხვევაში, არაფორმალურად.
კრემლმა თქვა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მისთვის წითელი ხაზია. რუსეთი ნატოსა და შეერთებულ შტატებს პირობის დადებას სთხოვს, რომ უკრაინა და რუსეთის საზღვრებთან ახლოს მდებარე რომელიმე ქვეყანა, მათ შორის, საქართველო, ალიანსის წევრები არასდროს გახდება.
შეერთებული შტატების და ნატოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთის ზოგიერთი მოთხოვნა, როგორიცაა ნატოს გაფართოების შეზღუდვა, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან ნატოს ინფრასტრუქტურის გაყვანა, მოლაპარაკებას არ ქევემდებარება და რომ რუსეთმა ეს იცის.
რუსეთის ზოგიერთ მოთხოვნას, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე უწოდა „მიუღებელი“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ერს აქვს სუვერენული უფლება თავად განსაზღვროს რომელ ალიანსებში სურს გაერთიანება.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ასევე არაერთხელ აღნიშნეს, რომ არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის, უკრაინასთან კონსულტაციის გარეშე.
„როდესაც საქმე ეხება ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებას, მათ შორის უკრაინას, შეერთებული შტატები ერთგულია პრინციპის „არაფერი თქვენს შესახებ, თქვენს გარეშე““ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა ჟენევაში აშშ-რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი შეხვედრის შემდეგ.
ოთხშაბათს, მოლაპარაკებები ნატო-რუსეთს შორისაა დაგეგმილი. ხუთშაბათს კი ეუთო-რუსეთს შორის. შეხვედრათა სერიაში დაგეგმილ არცერთ მოლაპარაკებას არ დაესწრება არც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არც პრეზიდენტი ვლადინირ პუტინი.
"გარიგება ომის საშუალებით"
რუსეთმა საკუთარი მოთხოვნები შეთანხმების ორ პროექტში წარმოადგინა - ერთი შეერთებულ შტატებთან, მეორე ნატოსთან. რუსეთმა მოთხოვნები გაასაჯაროვა, რაც უჩვეულო ნაბიჯად აღიქმება.
23 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, პუტინმა შეერთებულ შტატებსა და ნატოს მოუწოდა წინადადებები „დაუყოვნებლივ“ მიიღონ. მოგვიანებით კი თქვა, რომ თუ რუსეთის დასავლეთის პასუხით კმაყოფილი არ იქნება, მისი ქმედებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ „რა წინადადებებს შესთავაზებს სამხედრო ექსპერტები“.
იუვალ ვებერი, რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური სტრატეგიის ექსპერტი, რუსეთის მიერ წამოყენებულ წინადადებებს ულტიმატუმს უწოდებს. მისი თქმით, „ნატოს ცალმხრივი განიარაღების“ სანაცვლოდ, რუსეთი დასავლეთს არაფერს სთავაზობს. გარდა დაპირებისა, რომ უკრაინის საზღვარზე, ხელოვნურად შექმნილ კრიზისს მოაგვარებს. ეს ყველაფრი არის მიღება და არა გაცემა“ - თქვა ვებერმა. მისივე თქმით, რუსეთი ამბობს „ჩვენ მზად ვართ ვივაჭროთ ომით“.
უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა ახლა „ნაკლებად სავარაუდოა“. მაგრამ არ გამორიცხავს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიები მცირე ნაწილების ხელში ჩაგდებას ცდილობდეს, როგორიცაა მაგალითად, ზმინიის კუნძული შავ ზღვაში, რომელიც ქვეყნის სასაზღვრო დერეფანს იცავს.
ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები განახორციელოს.
ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ დასავლეთისა და უკრაინისთვის ოპტიმალური შედეგი სხვა არაფერი იქნება, თუ არა რუსეთთან მოლაპარაკების გაგრძელების შეთანხმება, რომელიც სამხედრო მოქმედებებს დროებით აჩერებს.
მაგრამ ასეთი შედეგი პუტინს მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს, ამბობს უილიამ პომერანცი, უილსონის ცენტრის კენონის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.
სამხედრო გაძლიერებით და მკაცრი რიტორიკით „პუტინმა თავი კუთხეში დააბრუნა“ და მისთვის რთული იქნება, რომ შინ ხელცარიელი წავიდეს, თქვა პომერანცმა. ”პუტინს სჭირდება რაღაც უფრო ხელშესახები, ვიდრე უბრალოდ ”ჩვენ გვქონდა შეხვედრა ევროპაში ნატოსთან”.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილმა მდივანმა, ალექსანდრე დანილიუკმა ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაზე განაცხადა, რომ აჯანყებამ, რომელიც ყაზახეთში ამ კვირაში დაიწყო, შესაძლოა პუტინს უკან დახევის საბაბი მისცეს. რუსეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ეგიდით, შუა აზიის ქვეყანაში ჯარები გაგზავნა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კი კიდევ ერთხელ იმეორებს შეერთებული შტატების მუქარას მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიიდან რვა წლის შემდეგ, კვლავ შეიჭრება უკრაინაში.
შეერთებული შტატების პირველი დიპლომატი ამბობს, რომ რუსეთს არ შეუძლია დაარღვიოს სხვა ქვეყნის საზღვრები და უკარანახოს მათ, უნდა მიიღოს თუ არა ნატომ უკრაინა ალიანსში. მისი თქმით, უკრაინელთა 60 პროცენტი მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას.
რუსეთი უარყოფს ცნობებს იმის შესახებ, რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავს. კრემლი ნატოს გაფართოების შეწყვეტას ითხოვს. რუსეთი ასევე მოითხოვს, ნატომ შეწყვიტოს სამხედრო წრთვნები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
შეერთებული შტატები და ნატო აცხადებენს, რომ რუსეთის მიერ წამოყენებული წინადადებების დიდი ნაწილი მოლაპარაკების თემები ვერ იქნება.
Facebook Forum